მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შოვს განვითარების გენგეგმა ჰაერივით ესაჭიროებოდა“ - რა გამოწვევებია დღეს კურორტზე?

64ad6e4ed8b4f
ვიქტორია მღებრიშვილი
15.07.23 19:39
983
სასტუმრო G&M Shovi-Racha Resorts-ის მენეჯერის ჯენი სულთანიშვილის შეფასებით, კურორტ შოვს ცნობადობის გასაზრდელად და განსავითარებლად, ერთიანი განაშენიანების გეგმის დამტკიცება ჰაერივით ესაჭიროებოდა. ამის შესახებ სასტუმროს ხელმძღვანელმა BM.GE-სთან ისაუბრა.

სასტუმრო კურორტზე 2000 წლიდან მოქმედებს და სირთულეების მიუხედავად, ადგილობრივ და უცხოელ სტუმრებს მასპინძლობს. ჯენი სულთანიშვილი აღნიშნავს, რომ ბიზნესი წამგებიანი არ არის, თუმცა ყოველწლიურად ოპერირების განსაახლებლად შემოსავლების რეინვესტირება უწევთ.

„როგორც წყალი და ჰაერია საჭირო, ასე ესაჭიროებოდა შოვს განვითარების ერთიანი გეგმის დამტკიცება. მხოლოდ იმისთვის კი არა, რომ კურორტი განვითარდეს, არამედ აქაური მოსახლეობისა და რაიონისთვის, ეს ბოლო დროის ყველაზე დიდი მიღწევაა.

კურორტზე მოქმედი სასტუმროები კერძო საკუთრებაშია. მიუხედავად იმისა, რომ შოვში კომუნიკაციები, ბუნებრივი აირი არ არის, სასტუმროს მფლობელები ბიზნესს წლების განმავლობაში თავისი სახსრებითა და ენთუზიაზმით ავითარებდნენ.

ვერ ვიტყვი, რომ ბიზნესი წამგებიანი და ნულოვანი მოგებით იყო, თუმცა მოგების სრულად ბიზნესში ჩაბრუნება გვიწევდა და ცხადია, ამ მოცემულობით დიდ მოგებაზე ვერ ვისაუბრებთ“, - ამბობს სასტუმროს მენეჯერი.

კითხვაზე - დღეს რა გამოწვევებთან უწევთ გამკლავება ზემო რაჭაში კურორტ შოვზე მოქმედ ბიზნესებს, ყველაზე ხელშემშლელ ფაქტორად ჯენი სულთანიშვილი ბუნებრივი აირის არქონას ასახელებს.

„ბოლო წლების განმავლობაში კურორტამდე მოსასვლელი გზა მოწესრიგდა, რაც ჩვენთვის ძალიან დიდი პრობლემა იყო... ბუნებრივი მოვლენები, ეს ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება ხოლმე. გამოწვევები ბევრია, ყველაზე მთავარი, რაც ხელს გვიშლის ბუნებრივი აირის არქონაა და ელექტროენერგიაზე დამოკიდებულება. არის შემთხვევები, როდესაც დენიც ითიშება, და გვიწევს ალტერნატიული საშუალებების მობილიზება, იმისთვის რომ სტუმრებს დისკომფორტი არ შეექმნათ. ყველაფრის მიუხედავად, ყველანაირად ვცდილობთ, ჩვენს დამსვენებელს შოვის თვალწარმტაც ბუნებასთან და ხედებთან ერთად, დასვენებისთვის კომფორტული გარემო შევუქმნათ“, - აღნიშნა G&M Shovi-Racha Resorts-ის მენეჯერმა.

ცნობისთვის, 2022 წლის დეკემბერში ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე კურორტ შოვის განაშენიანების რეგულირების გეგმა ოფიციალურად დამტკიცდა. როგორც მაშინ ონის მერიის ინფრასტრუქტურული სამსახურის უფროსი თეიმურაზ გრძელიშვილი აცხადებდა, კურორტის განვითარების გენგეგმის დამტკიცებაზე მუშაობა 4 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ეს დოკუმენტი შოვის სწორად და ცივილურად განაშენიანების შესაძლებლობას იძლევა.

აღსანიშნია, რომ უძრავი ქონების განვითარების კომპანია “სიმეტრიას“ თაოსნობით, კურორტ შოვის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავებისთვის აუცილებელი სამუშაოები 2017 წლიდან აქტიურად მიმდინარეობდა. რეგიონში განვითარების პროექტის ძირითადი პარტნიორები სასტუმრო "სანსეტ შოვი", სასტუმრო G&M Shovi-Racha Resorts და პანსიონატი "მამისონი" არიან, რომლებიც კურორტის ისტორიული ტერიტორიის ნაწილს ფლობენ.

პროექტის მენეჯმენტს ფასეული უძრავი ქონების განვითარების კომპანია „სიმეტრია“ უზრუნველყოფს. კომპანიაში კურორტის განაშენიანების გენგეგმის დამტკიცების შემდეგ აცხადებდნენ, რომ კურორტ შოვის განვითარების ფიზიკური სამუშაოების დაწყება 2024 წელს იგეგმება, მას შემდეგ რაც პროექტირების ყველა სამუშაო დასრულდება. პროექტი ყაზახური ბიზნეს ჯგუფ „ევრაზია ინვესტმენტისა“ და ქართველი ინვესტორების მონაწილეობით ხორციელდება.

დღეს არსებული განვითარების გენერალური გეგმის თანახმად, კურორტზე 5*, 4* და 3* სასტუმროების, კოტეჯების, სპორტული, გასართობი და ბალნეოგიურ-რეკრეაციული დანიშნულების ინფრასტრუქტურის შექმნაა დაგეგმილი, რაც კურორტს ოთხივე სეზონზე მოსანახულებლად და დასასვენებლად ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ადგილად აქცევს. წარმოდგენილი გეგმით განვითარებისთვის საჭირო ინვესტიციის მოცულობა 130 მილიონ დოლარს აჭარბებს. კურორტზე არსებულ სასტუმროებს კი მართვას სასტუმროების საერთაშორისო მმართველი კომპანია Hotel Collection International უწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები