მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფოსთან მოლაპარაკება 5-მდე ალტერნატიულ ლოკაციაზე მიმდინარეობს - შოვის ინვესტორის გეგმები

ყაზახეთი

საქართველოს მთავრობასა და კომპანია „სიმეტრიას“ შორის, რომელიც კურორტ შოვის განვითარების პროექტზე მუშაობდა, ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

როგორც ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ხელმძღვანელმა და „სიმეტრიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ჯახუტაშვილმა BMG-ის განუცხადა, შარშან მომხდარი სტიქიიდან გამომდინარე, პროექტი შოვში ვეღარ განხორციელდება და ეკონომიკის სამინისტროსთან რაჭის მასშტაბით 5-მდე ალტერნატიულ ლოკაციაზე მიმდინარეობს მოლაპარაკება.

გიორგი ჯახუტაშვილის განცხადებით, ინვესტორის ინტერესი კვლავ რაჭაში კურორტის განვითარების პროექტის განხორციელებაა, თუმცა მისი კონკრეტული პარამეტრები მას შემდეგ დაზუსტდება, რაც სახელმწიფოსთან ადგილმონაცვლეობაზე შეთანხმება შედგება.

„ახლა უშუალოდ შოვის კურორტზე აქტივობა სრულად შეჩერებულია. ცხადია, იქ ჩვენი აქტივები ჩარჩა როგორც მიწის, ასევე შენობების სახით და არამარტო ჩვენი, სხვა კერძო მესაკუთრეებისაც. თუმცა ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს ხელისუფლებასთან მოლაპარაკება, განიხილება ადგილმონაცვლეობა ახალი კურორტის განვითარების მიზნით. ჩვენ ამ ეტაპზე განხილვაში გვაქვს მხოლოდ რაჭის ტერიტორია, რადგან ამ კურორტის განვითარება სწორედ რაჭაში იგეგმებოდა, განიხილება 5-მდე ლოკაცია და ამ ეტაპზე შერჩევის პროცესში ვართ. რაც შეეხება პროექტის პარამეტრებს, ეს მას შემდეგ დაზუსტდება, რაც ახალი ადგილი შეირჩევა. ჩვენი ინტერესი იყო და ეს ასეც რჩება, რომ ერთიან განაშენიანების გეგმაზე დაფუძნებული, სწორად განვითარებული კურორტის მიღება გვინდა“, - განაცხადა გიორგი ჯახუტაშვილმა.

ცნობისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 16 თებერვალს შოვის სტიქიის შეფასების შესახებ გამოქვეყნებული საბოლოო ანგარიშის მიხედვით, მდინარე ბუბისწყლის ხეობაში ღვარცოფების ფორმირებისა და ტრანზიტის ზონის არეალში რაიმე სახის კაპიტალური დამცავი ღონისძიებების გატარება რეკომენდებული არ არის, ამასთან სტიქიის ზონაში ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობების ფუნქციონირება დაუშვებელია. დოკუმენტის გამოქვეყნების შემდეგ გარემოსდამცველებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლებამ გასულ წელს დამტკიცებული შოვის გენგეგმა უნდა გააუქმოს. თუმცა გარემოს დაცვის მინისტრი მათ საპასუხოდ ამბობს, რომ შოვის გენგეგმის გაუქმებისთვის დამატებითი კვლევების ჩატარება იქნება საჭირო.

შოვის ტრაგედიამდე კომპანია „სიმეტრია“ კურორტზე $140 მლნ-იან პროექტის განხორციელებას გეგმავდა. მრავალწლიანი მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ, შოვის სტიქიამდე, კომპანიაში ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების დაწყების თარიღად 2024 წელი ასახელებდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები