შოვისა და გურიის სტიქიების შედეგად დაღუპული ადამიანების ოჯახებზე სახელმწიფო ერთჯერად ფულად დახმარებებს გასცემს, - ამის შესახებ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
“კიდევ ერთხელ მინდა შევეხო შოვსა და რამდენიმე დღის წინ გურიაში მომხდარ ტრაგედიებს, რამაც გურიაში 3 ადამიანის სიცოცხლე, შოვში კი 32 ადამიანი, ჩვენი მოქალაქე, შეეწირა ამ დიდ სტიქიას. ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაიცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება გარდაცვლილთა ოჯახებისთვის, თითოეულ გარდაცვლილზე 20 000 ლარის ოდენობით”, - აცხადებს ღარიბაშვილი.
გარდა ამისა, პრემიერი გურიაში დატრიალებული სტიქიის შედეგად საცხოვრებლად გამოუსადეგარ სახლებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ თითოეულ ასეთ ოჯახს სახელმწიფო ან ახალ სახლს გადასცემს, ან - სახლის შესაძენ თანხას.
“გურიაში ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს დაუზიანდა სახლი, დაენგრათ. იმ სახლებში გაჩერება შეუძლებელია, ცხოვრება არ შეიძლება. ჩვენ ამ საკითხზე ეკონომიკურ საბჭოზე ვიმსჯელეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა მოქალაქეს, ვისაც სახლი დაენგრა და გამოუსადეგარი გაუხდა, უკლებლივ ყველას განსახლება მოხდება და ამ ოჯახებს მიეცემათ ახალი სახლი - ან ჩვენ შევუძენთ, ან ავუშენებთ, ან თანხას გადავცემთ და თავად შეიძენენ სახლებს”, - აცხადებს ღარიბაშვილი.