ამის შესახებ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, სპეციალისტები ამბობენ, რომ სტიქიური მოვლენები იმდენად სწრაფად განვითარდა, რომ ტრაგედიის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო. ამის შესახებ მან სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“ისედაც მძიმე ვითარებაში არასწორი ინფორმაციები მეტად ამძიმებს ფონს, რაც კატეგორიულად მიუღებელია. სტიქიის მოხდენისთანავე გაემგზავრნენ ჩვენი სპეციალისტები ადგილზე და ბოლო დღეებში აქტიურად ახორციელებდნენ მონიტორინგს. მოხდა ხეობის დათვალიერება და დღეს უკვე გვაქვს კვლევის პირველადი შედეგები. მინდა ვთქვა ერთი რამ - 3 აგვისტოს ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა კლდეზვავის მასისა და მყინვარის ნაწილის ჩამოშლას, რომლის პროგნოზირებაც შეუძლებელი იყო, როგორც ამას სპეციალისტები ამბობენ. ჩვენ ვდგავართ იმ კატაკლიზმების რისკის ქვეშ, რომელიც გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის და სამწუხაროდ, პრევენცია შეუძლებელია. შოვში, სტიქიური მოვლენები განვითარდა იმდენად სწრაფად, რომ ტრაგედიის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო”,- განაცხადა შამუგიამ.
შეგახსენებთ, შოვში 3 აგვისტოს მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად ამ დროისთვის 18 ადამიანი დაიღუპა. 18-ს კვლავ ეძებენ.