20 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება შპს ავიატორის საავტორო უფლებებისა და სასაქონლო ნიშნებზე უფლებების დარღვევის შესახებ სარჩელზე აზარტული თამაშების კომპანიის Spribe OÜ-სა და საქართველოს უდიდესი ონლაინ კაზინოს, Adjarabet-ის, მიმართ, რომელიც ეკუთვნის დიდ ბრიტანეთში დაფუძნებულ კომპანია Flutter Entertainment Plc-ს. (NYSE: FLUT) (LON: FLTR). სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა საავტორო უფლებების და სასაქონლო ნიშანზე უფლებების დარღვევა და გააუქმდა არაკეთილსინდისიერად რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნები, რომელიც იმავდროულად არღვევდა შპს ავიატორის საავტორო უფლებებს. საავტორო უფლებების დარღვევით მიყენებული ზიანის ოდენობა 330 მილიონ აშშ დოლარად შეფასდა.
„მოხარული ვართ სასამართლო განხილვის შედეგით, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი კლიენტის ინტელექტუალური საკუთრების დაცვას არალიცენზირებული გამოყენებისგან ნებისმიერ საერთაშორისო პლატფორმაზე“, - განაცხადა ნიკოლოზ გოგილიძემ, ინტელექტუალური საკუთრების სამართლის კომპანიის შპს „მიქაძე, გეგეჭკორი, თაქთაქიშვილის“ მმართველმა პარტნიორმა, რომელიც წარმოადგენს შპს ავიატორს.
შპს ავიატორი ფლობს რამდენიმე სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას დასახელება Aviator-სა და მის სტილიზებულ გამოსახულებაზე, მათ შორის ონლაინ და ფიზიკური კაზინოს სერვისებისა და აზარტული თამაშებისთვის. შპს ავიატორის კუთვნილი გამოსახულება და ბრენდი Aviator გამოიყენა Spribe OÜ-მ თავის ფლაგმანურ თამაშში, რომლის შეთავაზებაც საქართველოში ხდებოდა ონლაინ აზარტული თამაშების პლატფორმის www.adjarabet.com მეშვეობით. 2021-2022 წლებში Spribe OÜ-მ დაარეგისტრირა Aviator-ის შემცველი სასაქონლო ნიშნები კომპიუტერული თამაშებისა და აზარტული თამაშების სერვისებისთვის, რომლებიც მოსარჩელის მტკიცებით არღვევდა მის უფლებებს სასაქონლო ნიშანზე.
შპს ავიატორმა შეიტანა სარჩელი Spribe OÜ-ს წინააღმდეგ სასაქონლო ნიშნების ბათილად ცნობის მოთხოვნით ორი საფუძვლით: 1) სასაქონლო ნიშნები დარეგისტრირდა არაკეთილსინდისიერად, რადგან Spribe OÜ -მ იცოდა მოსარჩელის საავტორო უფლებების არსებობის შესახებ და ამავე დროს იყენებდა მოსარჩელის გამოსახულებას და სასაქონლო ნიშანს და 2) სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციითა დაირღვა მოსარჩელის საავტორო უფლებები.
ამავე სარჩელში შპს ავიატორმა მოითხოვა ონლაინ აზარტული თამაშების პლატფორმისგან www.adjarabet.com სახელის Aviator და ასევე მოსარჩელის კუთვნილი გამოსახულების გამოყენების აკრძალვა და უნებართვო გამოყენებისთვის ზიანის ანაზღაურება.
2024 წლის 20 აგვისტოს თბილსის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და დააკმაყოფილა მოსარჩელის ყველა მოთხოვნა. კერძოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ Spribe OÜ-ს სასაქონლო ნიშნები არაკეთილსინდისიერად იყო რეგისტრირებული და ასევე, რომ მათი რეგისტრაცია არღვევდა საავტორო უფლებებს მოსარჩელის გამოსახულებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ ზემოაღნიშნული საფუძვლებით გააუქმა სადავო სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციები.
რაც შეეხება სარჩელს ონლაინ აზარტული თამაშების პლატფორმის www.adjarabet.com წინააღმდეგ, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელის სასარგებლოდ, დაავალა პლატფორმას შეეწყვიტა სახელწოდების Aviator გამოყენება მისი ფლაგმანი თამაშისთვის და კაზინოს თამაშების ონლაინ სტრიმინგისთვის. სასამართლომ შპს ავიატორის სასარგებლოდ აზარტული თამაშების პლატფორმას www.adjarabet.com დააკისრა 330 მილიონი აშშ დოლარის გადახდა სასაქონლო ნიშნებისა და საავტორო უფლებების დარღვევისთვის.