შრომის ინსპექციას აკრძალული ღონისძიების დაგეგმვის შემთხვევაში, ობიექტის დალუქვის ნებართვა მიეცა, - აღნიშნული ცვლილება გუშინ საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით გახდა შესაძლებელი.
რას გულისხმობს ღონისძიების პრევენციის უფლება და რა შემთხვევაში შეძლებს შრომის ინსპექცია ახალი უფლებამოსილების გამოყენებას - ამ კითხვებით BM.GE-მ შრომის ინსპექციის სამსახურს მიმართა.
შრომის ინსპექტორის სამსახურში განმარტავენ, რომ დალუქვა იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მათ წინასწარ ექნებათ ინფორმაცია, რომ ამა თუ იმ ობიექტზე ისეთი აკრძალული ღონისძიების ჩატარება იგეგმება, როგორიცაა 10 პირზე მეტის შეკრება, გასართობი ღონისძიება, ქელეხი თუ ქორწილი. აქამდე ინსპექტორის აპარატს პრევენციული ღონისძიების განხორციელების შესაძლებლობა არ ჰქონდა და ობიექტი ჯარიმდებოდა მხოლოდ ჩატარებული კონცერტის, ქელეხისა, თუ ქორწილის შემდეგ. ახალმა ცვლილებამ კი ბიუროკრატია უნდა შეამციროს და კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენცია უფრო ეფექტიანად მოახდინოს.
"დადგენილებაში შევიდა დამატებითი ცვლილება, რომლის მიხედვით, ჩვენ პრევენციული ღონისძიებების გატარების შესაძლებლობა გვეძლევა. ცვლილება შემდეგს გულისხმობს - როდესაც გვაქვს ობიექტზე არანებადართული ღონისძიების დაგეგმვის შესახებ ინფორმაცია, შრომის ინსპექციას ღონისძიების გამართვამდე ობიექტის დალუქვის უფლება აქვს. ეს უფრო მოქნილი მექანიზმია, იქიდან გამომდინარე რომ ხელს ვუშლით ადამიანების თავშეყრას. აღნიშნული მექანიზმის ამოქმედების მიზანი ხომ 10-ზე მეტი პირის თავშეყრის შეზღუდვა და კოვიდის გავრცელების რისკების შემცირებაა.
ობიექტის დალუქვის პერიოდი დამოკიდებულია ობიექტზე, თუ როგორ წარმართავს ბიზნესსუბიექტი პრევენციულ ღონისძიებებს და როგორ წარმოადგენს დადგენილებით გაწერილ ნორმებს“, - განმარტა შრომის უსაფრთხოების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა მაია მიქაიამ bm.ge-სთან საუბრისას.
მისივე ინფორმაციით, აკრძალული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპისთვის არ აქვთ, რადგან ყველა გაუქმდა.
მაია მიქაია აღნიშნავს, რომ შრომის ინსპექციის სამსახური სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად კერძო სექტორის ინფორმირებას ახორციელებს ნებადართული და აკრძალული საქმიანობების შესახებ, შესაბამისად, საქართველოში მოქმედმა ბიზნესსუბიექტებმა არსებული რეგულაციებისა და 322-ე დადგენილების არსი კარგად იციან. ხოლო კითხვაზე ხდება თუ არა დალუქვამდე დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზატორის გაფრთხილება, მაია მიქაია პასუხობს: „თუ ვხედავთ, რომ დამსაქმებელმა იცის, რა არის არანებადართული საქმიანობა და ობიექტს აკრძალული ღონისძიების ჩატარებისთვის ამზადებს, გამოვიყენებთ ახალ უფლებამოსილებას, რომელიც დადგენილების მიხედვით მოგვენიჭა.
ყველაზე მნიშვნელოვანი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობაა, როგორც მოქალაქის ასევე დამსაქმებლის მხრიდან. მოქალაქეები მაქსიმალურად უნდა დაგვიდგნენ მხარში თავისი წილი პასუხისმგებლობის ნაწილში“, - ამბობს შრომის უსაფრთხოების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი.
მისივე ინფორმაციით, დალუქვის შემდეგ შრომის ინსპექციის სამსახური ინფორმაციას შემდგომი ზედამხედველობის განხორციელების მიზნით შსს-ს აწვდის.




























