მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შრომის ინსპექციამ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტზე საწარმო დააჯარიმა

61c46948b41d7
BM.GE
23.12.21 16:16
713
შრომის ინსპექციამ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტზე საწარმო დააჯარიმა. როგორც უწყება გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს,  საწარმომ დისკრიმინაციული შინაარსის ვაკანსიის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით შრომის ინსპექციის მხრიდან პირველად განხორციელებული რეაგირების, კერძოდ, გაფრთხილების გაცემის მიუხედავად, სოციალური ქსელის მეშვეობით, განმეორებით გამოაქვეყნა დისკრიმინაციული შინაარსის შემცველი განცხადება:

,, … ესაჭიროება ბუღალტერი 50 წლამდე გოგონა სრულ განაკვეთზე სამუშაოდ; მოთხოვნები: მაღალი, გამხდარი, პროგრამა ,,ფინაში“ მუშაობის გამოცდილება, წარმოებაში მუშაობის გამოცდილება; გთხოვთ სივი სელფთან ერთად გადმოგვიგზავნოთ მეილზე: …“

დამსაქმებელმა გამოცხადებულ ვაკანსიას ხუმრობა უწოდა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისების ერთგვარ მაგალითად დაასახელა.

"დისკრიმინაცია აკრძალულია როგორც შრომით, ასევე წინასახელშეკრულებო ურთიერთობაში, მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადებების გამოქვეყნებისა და შერჩევის ეტაპზე. დისკრიმინაცია სახეზეა, როდესაც არსებობს განსხვავებული მოპყრობა ანალოგიურ პირობებში მყოფი პირების მიმართ და რომელსაც არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება.

სსიპ - შრომის ინსპექციის სამსახურმა დაადგინა, რომ დამსაქმებლის მხრიდან დასაქმების მსურველ პირებთან მიმართებით ადგილი ჰქონდა ასაკის, სქესისა და გარეგნობის ნიშნით დისკრიმინაციულ მოპყრობას, რისთვისაც სახდელის სახედ გამოყენებულ იქნა კანონით განსაზღვრული ჯარიმის სამმაგი ოდენობა და დამსაქმებელს გამოქვეყნებული ვაკანსიის ტექსტის ცვლილება დაევალა".

სსიპ შრომის ინსპექციის სამსახური მოუწოდებს დამსაქმებლებს არ დაუშვან ვაკანსიის ტექსტში დისკრიმინაციული ენის მარკეტინგული თუ სხვა მიზნებისათვის გამოყენება, ასევე არ შეუწყონ ხელი საზოგადოებაში ახალი სტერეოტიპული შეხედულებების დამკვიდრებას ან/და უკვე არსებულების გაძლიერებას და გამონახონ „ოქროს შუალედი”, რომლითაც დაცული იქნება, როგორც აზრის თავისუფლება, ასევე იმ პირთა უფლებები, რომლებიც ამ თავისუფლების სამიზნეს წარმოადგენენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები