მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შრომის ინსპექციამ I კვარტალში 400-მდე კომპანია შეამოწმა

6297254312788
შოთა ტყეშელაშვილი
01.06.22 12:38
788
მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2022 წლის პირველ კვარტალში შრომის ინსპექციამ 369 კომპანია შეამოწმა. მთავრობის ინფორმაციით, ამ ობიექტების ნაწილზე განმეორებითი შემოწმებებიც ჩატარდა და სულ ინსპექციების რაოდენობამ 499 შეადგინა. ამასთან, მთავრობის განცხადებით, 2021 წელს კომპანიების 28%-მა სრულად გამოასწორა ის დარღვევები, რაც ინსპექციამ გამოავლინა.

“2021 წლის საანგარიშო პერიოდში განხორციელებულმა აქტივობებმა აქტიური სუბიექტების 6,7% მოიცვა (განხორციელდა 58830 აქტივობა 13 612 ობიექტზე) და ჯამში, 200 000-მდე დასაქმებულ პირს შეეხო. შრომის ინსპექციის ძირითადი მანდატის ფარგლებში 2021 წელს განხორციელდა 1540 ინსპექტირება 834 ობიექტზე.

2022 წლის 1 კვარტალის მონაცემებით, შრომის უსაფრთხოების მიმართულებით, განხორციელდა 499 (პირველადი და შემდგომი) ინსპექტირება 369 ობიექტზე. განხორციელებული ინსპექტირებები კი შეეხო 26 000-მდე დასაქმებულ პირს. შრომის უფლებების მიმართულებით განხორციელდა 239 ინსპექტირება (პირველადი და შემდგომი) 150 ობიექტზე. განხორციელებული ინსპექტირებები კი შეეხო 9 000-მდე დასაქმებულ პირს.

შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ განხორციელებული არაერთი პროაქტიული აქტივობის შედეგად, თანმიმდევრულად იზრდება დასაქმებულთა და დამსაქმებელთა ცნობიერება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნების შესახებ. კერძოდ, 2021 წლის განმავლობაში შემოწმებულ საწარმოთა 28%-მა, გონივრული ვადის გასვლისთანავე, სრულად გამოასწორა დარღვევები მას შემდეგ, რაც მათთვის პირველადი შემოწმებისას გამოყენებულ იქნა ადმინისტრაციული სახდელები (გაფრთხილება, ჯარიმა, შეჩერება),” - ნათქვამია მთავრობის ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები