მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შრომის ინსპექციამ „ლილო მოლი“ შეამოწმა - რა უნდა გაითვალისწინოს ადმინისტრაციამ

5f183f1e7492b
ვიქტორია მღებრიშვილი
22.07.20 19:30
1910
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-16 პაციენტის ოჯახის წევრები „ლილო მოლში“ ვაჭრობდნენ. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საკოორდინაციო საბჭომ ბაზრობებზე უსაფრთხოების ნორმების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო.

BM.GE დაინტერესდა, რა მიმართულებით გამკაცრდება მოთხოვნები და რისი შესრულება მოუწევთ ბაზრობის ადმინისტრაციებს, რისთვისაც „ლილო მოლის“ შრომის უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ტიტე ჯიჭონაიას დაუკავშირდა.
ბაზრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელმაც დაადასტურა, რომ მე-16 გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის წევრებს ბაზრობაზე 2 ჯიხური აქვთ, მაგრამ მისი თქმით, მათ გარდაცვალებამდე 1 კვირით ადრე ჯიხურები დახურეს და სამუშაო ადგილებზე არ გამოცხადებულან.

„ეს მაღაზიები დაკეტილი იყო ერთი კვირის განმავლობაში, რადგან ოჯახის ერთ-ერთი წევრი, რომელიც გარდაიცვალა, იყო ცუდად. გვქონდა ინფორმაცია, რომ მოხუცი იყო დიალიზზე დამოკიდებული. ოჯახის წევრები არ დადიოდნენ სამსახურში და მას უვლიდნენ. ეს ხალხი ჩვენ არ გვინახავს. იმ დროიდან დღემდე ეს მაღაზიები-ჯიხურები არის დაკეტილი“, - განმარტა ტიტე ჯიჭონაიამ.

მისივე თქმით, დღეს ბაზრობაზე უსაფრთხოების ნორმების შემოწმების მიზნით, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტიდან იმყოფებოდნენ და ადმინისტრაციასა და იქ მომუშავე ბიზნეს სუბიექტებს გაფრთხილება მისცეს.

„თერმოსრინინგი, პირბადის ტარება, ნაკადის მართვა, საპირფარეშოებში ჰიგიენური ნორმების დაცვა, ურნების დაყენება დამატებით - მსგავსი სახის რეკომენდაციები მოგვცეს. ახალი არაფერი არ არის. მოგვთხოვეს ის, რაზეც ვიყავით შეთანხმებული; გვირჩიეს, რომ არ მოვდუნდეთ. ბოლო პერიოდში ბევრი მოეშვა და ამბობდა, რომ პირბადეების ტარება საჭირო აღარ იყო და დღეს გაგვაფრთხილეს, რომ ხელახალი შემოწმებისას ნორმების დაუცველობის შემთხვევაში ჯარიმებს დაწერენ. კერძო პირისთვის  ჯარიმის მოცულობა, რამდენად ვიცი, არის 200 ლარი, ინდმეწარმისთვის - 2000 ლარი, შპს-თვის -10 000 ლარია“, - უთხრა BM.GE-ის „ლილო მოლის“ შრომის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა.

ტიტე ჯიჭონაიამ ასევე აღნიშნა, რომ ადმინისტრაცია გახსნის დღიდან  ყველა მითითებულ ნორმას იცავს.

"ჯანდაცვის სამინისტროს შრომის უსაფრთოების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ ბაზრობების და სავაჭრო ობიექტებთან დაკავშირებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, უსაფრთხოების ნორმები არის დაცული. ამ რეკომენდაციებში ახალი არაფერი არ არის, დღეს შრომის ინსპექცია იყო მოსული ამ ნორმების შესამოწმებლად, რამდენად სრულდება. ეს გეგმიური შემოწმება იყო, თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ ფაქტიდან გამომდინარე, შეგვამოწმეს. ბაზრობაზე ყოველდღიურად 5 საათის შემდეგ სადეზინფექციო სამუშაოები ხორციელდება“, - განაცხადა ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები