"საქართველოში 3800-მდე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი გვყავს და ერთი ამდენია საჭირო, რომ კომპანიები მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოს" - ამის შესახებ "საქმიანი დილას" ეთერში შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაცია Oshe-ს ვიცე-პრეზიდენტმა, შოთა ნიჟარაძემ, აუდიტის ანგარიშის შეფასებისას ისაუბრა.
შრომის უსაფრთხო პირობების ხელშეწყობის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ყოველ 20 ათას დასაქმებულზე 1 შრომის ინსპექტორი მოდის. შესაბამისად, აუდიტის თანახმად, ქვეყანაში ინსპექტორების საერთო რაოდენობა შეესაბამება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდოლოგიას, თუმცა, დასაქმებულ ინსპექტორთა რაოდენობის ზრდის ტემპი, ჩამორჩება საქმიანობის გაზრდილ (მათ შორის, არაგეგმური ინსპექტირებების) მოცულობას.
კითხვებზე, რაზე მიუთითებს აუდიტის მიგნებები და რა მოცულობის პასუხისმგებლობა ეკისრება შრომის უსაფრთხოების თითოეულ ინსპექტორს, შოთა ნიჟარაძე განმარტავს, რომ მათი რაოდენობა საკმარისი არ არის.
"ნამდვილად არ არის ისეთი სიტუაცია, რომ კმაყოფილები ვიყოთ უსაფრთხოების კუთხით, თუნდაც უსაფრთხოების კულტურის ზრდით. თუმცა, წინა წლებს თუ შევადარებთ, გაუმჯობესებული ნამდვილად არის. ინსპექტორების რაოდენობა რომ შევადაროთ [სხვა ქვეყნებისას], გარკვეულ ჩარჩოებში ჯდება რაოდენობრივად, მაგრამ რეალურად იმიტომ, რომ ბევრ კომპანიაში შრომის უსაფრთხოების სისტემების დანერგვის პროცესები კიდევ მიმდინარეობს.
ინსპექტორთა რაოდენობით მსოფლიო გამოცდილებასთან ჩვენი შედარება, შესაძლოა, არასწორი იყოს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე მეექვსე წელია, რაც შრომის ინსპექცია აქტიურად ინერგება და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები უკვე არსებობენ ბაზარზე, ეს პერიოდი ჯერ ისევ მცირეა; ამასთან, ძალიან ბევრ რეგიონში, ძალიან ბევრ ეკონომიკურ სექტორში და ძალიან ბევრ კომპანიაში, ჯერ კიდევ არ აქვთ გააზრებული და შრომის უსაფრთხოების სისტემებიც კი არ არის დანერგილი. ამიტომ, მეტი რაოდენობა არის საჭირო. მაგალითად, შრომის უსაფრთხოების ყოველი მეოთხე სპეციალისტი ჩვენი ასოციაციის მიერ არის მომზადებული, მაგრამ თუ ავიღებთ რაოდენობას, თუ რამდენი სუბიექტი არსებობს საქართველოში, ეკონომიკური აგენტისვით (მცირე მეწარმეები და ეს ინდი მეწარმეები რომც გამოაკლოთ), საკმაოდ დიდი ციფრია და რომ გადავიყვანოთ, რამდენი სპეციალისტი სჭირდება, ძალიან, ძალიან ჩამორჩება რეალურ საჭიროებას. 3800-მდე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი გვყავს და ერთი ამდენია საჭირო, რომ კომპანიები მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოს, ადამიანური რესურსის თვალსაზრისით", - განაცხადა შოთა ნიჟარაძემ.
ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი კერძო სექტორისგან შრომის უსაფრთხოების სისტემების დანერგვისთვის მზაობასაც აფასებს. როგორც ის აღნიშნავს, ეს მიმართულება დამსაქმებელთათვის წამყვან პრიორიტეტებში არ ხვდება.
"ძალიან ცოტა კომპანია იაზრებს ნამდვილად კარგად უსაფრთხოების მნიშვნელობას. პირველ რიგში, რასაკვირველია, მორალური საკითხია, რომ დასაქმებულები იყვნენ დაცულები თავიანთ ორგანიზაციებში, თუმცა სურათი აჩვენებს, რომ სანამ კანონმდებლობა არ გამკაცრდა და გარკვეული მოთხოვნები და ბერკეტები არ გაჩნდა, მექანიზმები, სანამ არ შეიქმნა სახელმწიფოს მხრიდან, იქამდე არ შეინიშნებოდა მასშტაბური გაუმჯობესება. ამ რეგულაციების გარეშე, ყველა კომპანია ვერ იაზრებს, რამდენად მნიშვნელოვანია, ან არ იაზრებს. გარკვეული რაღაც ეკონომიკური ფაქტორებიც არის,პრიორიტეტების ამბავია, თორემ ნამდვილად არ შემიძლია ვთქვა, რომ კომპანიის მენეჯერები და ხელმძღვანელები ვერ იაზრებენ ამას, თუმცა ტოპ სამ პრიორიტეტში ნამდვილად უმეტესწილად არ შედის ხოლმე", - ამბობს ის.
აუდიტის თანახმად, შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის მიმართულებით, 2023 წელს 2021 წელთან შედარებით, 1,3-ჯერ გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა, ხოლო ინსპექტირების რაოდენობა − 3,5-ჯერ. ასევე გაიზარდა სამუშაო დატვირთვა ერთ ინსპექტორზე − 51-დან 138 ინსპექტირებამდე. შედეგად, დასაქმებულ ინსპექტორთა რაოდენობის ზრდის ტემპი ჩამორჩება საქმიანობის გაზრდილ (მათ შორის, არაგეგმური ინსპექტირებების) მოცულობას.




























