მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შრომითი ექსპლუატაციის ბრალდების გამო, იტალიაში Glovo-ს შვილობილ კომპანიას ზედამხედველობა დაუწესეს

glovo

Reuters-ის მიერ მოპოვებული სასამართლო დოკუმენტების თანახმად, მილანის პროკურატურამ საჭმლის მიტანის სერვისის, Glovo-ს იტალიური ფილიალი სასამართლო ზედამხედველობის ქვეშ მოაქცია, ხოლო მისი აღმასრულებელი დირექტორი თანამშრომელთა სავარაუდო ექსპლუატაციის ფაქტზე გამოძიების ქვეშაა.

დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ იტალიის ჟანდარმერიის შრომის განყოფილებამ კომპანია Foodinho-ს (Glovo-ს იტალიური ქვედანაყოფი) სასამართლო კონტროლის დაწესების შესახებ გადაუდებელი განკარგულება წარუდგინა. ეს არის უახლესი ნაბიჯი იმ ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სხვადასხვა ბიზნესსექტორში შრომითი ექსპლუატაციის წინააღმდეგ მიმდინარეობს.

Glovo-მ განცხადებაში აღნიშნა, რომ გამოძიებასთან სრულად ითანამშრომლებს.

"კომპანია ყოველთვის მოქმედებდა სტანდარტებისა და ოპერაციული საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით და გააგრძელებს მუდმივ, კონსტრუქციულ დიალოგს კომპეტენტურ ორგანოებთან", - ნათქვამია განცხადებაში.

Glovo-ს მფლობელმა გერმანულმა კომპანიამ, Delivery Hero-მ მხარი დაუჭირა ამ განცხადებას და აღნიშნა, რომ "მისი ბრენდები ყოველთვის თანამშრომლობენ სასამართლო ორგანოებთან ყველა იურისდიქციაში, სადაც ოპერირებენ".

Reuters-ის მიერ ნანახი 54-გვერდიანი სასამართლო განკარგულების თანახმად, Foodinho-ს კურიერებს სიღარიბის ზღვარზე დაბალი ანაზღაურება ჰქონდათ - საშუალოდ 2.50 ევრო თითო შეკვეთაზე. დოკუმენტის მიხედვით, რომელიც 39 მიგრანტი კურიერის ჩვენებას ეყრდნობა, ზოგიერთ შემთხვევაში ანაზღაურება სიღარიბის ზღვარზე 75%-ით ნაკლები იყო.

იტალიაში დასაქმებულთათვის საარსებო მინიმუმი თვეში 1 245 ევროდ ითვლება.

"ჩატარებული შემოწმებები მიუთითებს შრომითი ექსპლუატაციის რეალურ ფაქტებზე, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა ძალიან დიდი რაოდენობით დასაქმებულთა საზიანოდ. ისინი იღებენ ანაზღაურებას, რომელიც არაპროპორციულია შესრულებული სამუშაოს რაოდენობასა და ხარისხთან", - წერენ პროკურორები დოკუმენტში.

Foodinho-ს ათასობით კურიერი მილანსა და მთელ იტალიაში მუშაობს და Glovo-ს ბრენდირებულ, ადვილად ამოსაცნობ ყვითელ ჩანთებს იყენებს.

პროკურორების თქმით, ველოკურიერები ფორმალურად თვითდასაქმებულები იყვნენ, მაგრამ პრაქტიკაში დაქირავებული თანამშრომლებივით მუშაობდნენ, რადგან მათ მართავდა IT პლატფორმა, რომელიც სამუშაო პირობებს განსაზღვრავდა.

პროკურორების მიერ დაწესებული სასამართლო კონტროლის ფარგლებში, სასამართლოს მიერ დანიშნული ადმინისტრატორი უზრუნველყოფს, რომ კომპანიამ მუშაკებს სწორი სამართლებრივი სტატუსი მიანიჭოს და შრომითი წესებისა და პირობების დაცვას გაუწიოს მონიტორინგი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები