მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე მუშაობა როგორც უცხოელის, ისე დამსაქმებლის დაჯარიმებას გამოიწვევს

უცხოელი

საქართველოში, შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე მუშაობა როგორც უცხოელის, ისე ადგილობრივი დამსაქმებლის დაჯარიმებას გამოიწვევს.

ამას ითვალისწინებს „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ მომზადებული „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

უცხოელებმა სპეციალური სამუშაო უფლება უნდა მოიპოვონ - რა იცვლება მიგრაციის შესახებ კანონში?

საქმე ის არის, რომ უკანონო შრომით მიგრაციასთან ბრძოლის და ადგილობრივი შრომის ბაზრის დაცვისა და განვითარების მიზნით, "ქართული ოცნება" „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონს ამკაცრებს.

კერძოდ, თუ დღეს, ქართველი დამსაქმებელი, რომელსაც უცხოელის დასაქმება სურს, ვალდებულია, შრომითი მიგრაციის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში უცხოელი დაარეგისტრიროს, წარმოდგენილი ცვლილებებით, უცხოელებს მოუწევთ საქართველოში დასაქმებისთვის სპეციალური სამუშაო უფლება აიღონ, რისთვისაც ჯანდაცვის სამინისტროს უნდა მიმართონ ან ადგილობრივმა დამსაქმებელმა, ან კიდევ თავად უცხოელმა თუ თვითდასაქმებულია.

საქართველოში უცხოელის დასაქმებაზე თანხმობის ან უარის სათქმელად ჯანდაცვის სამინისტროს მაქსიმუმ 30 კალენდარული დღე აქვს.

ამავე კანონპროექტით განსაზღვრულია შრომითი იმიგრანტითვის შრომითი საქმიანობის უფლების გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები:

ა) განცხადებით წარდგენილია არასრულყოფილი ინფორმაცია ან/და სავალდებულო დოკუმენტაცია და ეს ხარვეზი მისი დადგენიდან 10 კალენდარულ დღეში არ აღმოიფხვრა;
ბ) განცხადება შრომითი საქმიანობის უფლების ვადის გაგრძელების თაობაზე ამ კანონის 135 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული ვადების დარღვევით არის წარდგენილი;
გ) უცხოელის პროფესია/კვალიფიკაცია და პოზიცია არ შეესაბამება საქართველოს შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და საჭიროებებს ან არის იმ პროფესიებისა და სპეციალობების ჩამონათვალში, რომელიც შეზღუდულია ამ კანონის მე-5 მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის შესაბამისად დადგენილ ნუსხაში;

ე1.ა) იმ პროფესიით ან სპეციალობით შრომითი მოწყობის მიზნით უცხოური სამუშაო ძალის
მოზიდვის შეზღუდვა, რომელიც არ მოითხოვს მაღალკვალიფიციურ შრომას ან რომლის მქონე
ადგილობრივი სამუშაო ძალის მიწოდება საქართველოს (ეროვნულ) შრომის ბაზარზე აჭარბებს ან
გადააჭარბებს მასზე მიმდინარე ან სამომავლო მოთხოვნას;
ე1.ბ) ისეთი პროფესიით ან სპეციალობით შრომითი მოწყობის მიზნით უცხოური სამუშაო ძალის
მოზიდვის წახალისება, რომელიც მოითხოვს მაღალკვალიფიციურ შრომას ან რომლის მქონე
ადგილობრივი სამუშაო ძალის მიწოდება საქართველოს (ეროვნულ) შრომის ბაზარზე ვერ
აკმაყოფილებს ან ვერ დააკმაყოფილებს მასზე მიმდინარე ან სამომავლო მოთხოვნას;
დ) დაწყებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვა ან მიღებულია გადაწყვეტილება უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ.“.

“პირველ რიგში, მთავარ პრიორიტეტად განისაზღვრება შიდა შრომითი რესურსების დაცვა. იმ ეკონომიკურ სექტორებში, სადაც დაფიქსირდება სამუშაო ძალის ჭარბი მიწოდება, უპირატესობა მიენიჭება ადგილობრივი სამუშაო ძალის დასაქმებას, ხოლო უცხოელი მოქალაქეების დასაქმება შესაბამისი რეგულაციების ფარგლებში შეიზღუდება, რათა არ მოხდეს ადგილობრივი დასაქმებულების შესაძლებლობების შეზღუდვა.

მეორე მხრივ, იმ სექტორებში, სადაც გამოიკვეთება კადრების დეფიციტი, სახელმწიფოს მიდგომა იქნება შრომითი იმიგრანტების შერჩევითი და დროებითი დასაქმება - განსაზღვრული პერიოდისთვის და ზედამხედველობის პირობებში. უცხოელ სამუშაო ძალას მიეცემა დასაქმების უფლება მხოლოდ იმ პირობებში, როდესაც დადასტურდება, რომ შესაბამისი პოზიციებისთვის ადგილობრივი კადრები არ არის ხელმისაწვდომი”, - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის თანახმადვე, ადგილობრივი დამსაქმებელი, რომელიც ასაქმებს ისეთ უცხოელ შრომით იმიგრანტს, ვისაც არ აქვს შრომითი საქმიანობის უფლება, დაჯარიმდება 2000 ლარით თითოეულ შემთხვევაში, თავად იმიგრანტიც 2000 ლარით ჯარიმდება.

უფრო კონკრეტულად საჯარიმო ტარიფები ასეა გაწერილი:

1. ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი იმიგრანტის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე შრომითი საქმიანობა ადგილობრივი დამსაქმებლისთვის (თითოეულ შრომით იმიგრანტზე ინდივიდუალურად) - გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით;
2. ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი იმიგრანტის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე შრომითი საქმიანობა შრომითი იმიგრანტისთვის - გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით;
3. თვითდასაქმებული უცხოელის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე შრომითი საქმიანობა - გამოიწვევს თვითდასაქმებული უცხოელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით;
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა – გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.
5. ამ პუნქტით ან ამ მუხლის მე-4 პუნქტით სახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა - გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის სამმაგი ოდენობით.“

შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები ითვალისწინებს ჯარიმებს შრომის ინსპექციის საქმიანობისთვის ხელის შეშლის ან უცხოელის საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში.

ახალი რეგულაცია 2026 წლის 1 მარტიდან უნდა ამოქმედდეს, ხოლო იმ შრომითმა იმიგრანტებმა, რომლებიც რეესტრში არიან რეგისტრირებული, არაუგვიანეს 2027 წლის 1 იანვრისა, უნდა მოიპოვონ სპეციალური სამუშაო უფლება და შესაბამისი კატეგორიის ბინადრობის ნებართვა.

შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ავტორები და ინიციატორები „ქართული ოცნების“ შემდეგი დეპუტატები არიან: საქართველოს პარლამენტის წევრები: საქართველოს პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, მარიამ ლაშხი, გიორგი ბარვენაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, ლევან მაჭავარიანი, ზაზა ლომინაძე, ვახტანგ თურნავა, ირაკლი კირცხალია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები