მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შშმ პირები, შესაძლოა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომსახურებებს მიღმა დარჩნენ" - განცხადება

შშმ პირები

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მათი მშობლები და ოჯახის წევრები, უფლებადამცველ ორგანიზაციები და აქტივისტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც ისინი ხელახალი არჩევნების დანიშვნას და დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ. მათი ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან შშმ პირებიც.

მათ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ არსებული კრიზისი განსაკუთრებით უარყოფითად სწორედ შშმ პირებზე აისახება.

"საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციები, ამ სფეროში ჩართული აქტივისტები, მშობელთა ასოციაციები და შშმპ თემის მხარდამჭერები, ვაკეთებთ განცხადებას საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებამ, ქვეყანა ღრმა კრიზისში შეიყვანა. ასობით ათასი მოქალაქე გამოსულია ქუჩაში და ყოველდღიურად აპროტესტებს ქვეყნის დასავლური კურსის შეჩერებას. მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალოვანი სტრუქტურები იყენებენ არაპროპორციულ ძალას. სახეზეა ზღვარს გადაცილებული ძალადობა. მოქალაქეების უკანონო დაკავებები კვლავ გრძელდება. დაზარალებულ მოქალაქეებს შორის არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.

ქვეყანა შესულია უკიდურეს კრიზისულ სიტუაციაში, რომლის დიდი ხნით გაგრძელება გამოიწვევს უდიდეს ზიანს, როგორც ქვეყნისთვის, ისე მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით კი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, რომლებიც შესაძლოა დარჩნენ იმ მინიმალურ საბაზისო მომსახურებებს მიღმა, რაც მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი და ევროინტეგრაციის პროცესი მნიშვნელოვან წვლილს ასრულებდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პოზიტიური ცვლილებების განხორციელებაში. სწორედ ამ პროცესმა დააჩქარა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სხვადასხვა ინკლუზიური ინიციატივის დანერგვა.

ამ განცხადებაზე ხელმომწერები ვითხოვთ უმოკლეს დროში ახალი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას, რომელიც რეალურად გამოხატავს საქართველოს მოქალაქეთა ნებას, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობის შეჩერებას და რეჟიმის ტყვეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!

საქართველო უნდა დაბრუნდეს ევროპულ ორბიტაზე, არა შორეულ და გაურკვეველ მომავალში, არამედ უმოკლეს ვადებში!", - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც 180-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს, თუმცა სია განახლებადია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები