მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შსს აცხადებს, რომ აფგან სადიგოვი ქვეყნიდან გააძევეს

აფგან სადიგოვი

შსს აცხადებს, რომ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი ქვეყნიდან გააძევეს. როგორც უწყების განცხადებაში წერია, თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვს, რომელიც სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის გუშინ დააკავეს, სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ სადიგოვი სამართალდამრღვევად ცნო, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის. კერძოდ, სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის. სახდელის სახით მას შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით.

სასამართლომ გაითვალისწინა შს სამინისტროს წარმომადგენლების პოზიცია და მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ აღნიშნული პირი 62-ჯერ იქნა გამოვლენილი სხვადასხვა ტიპის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, მათ შორის შეკრება-მანიფესტაციის წესების დარღვევაზე, რისთვისაც მას ორჯერ უკვე მოხდილი აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა.

გარდა ამისა, სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად, გათვალისწინებულ იქნა აზერბაიჯანელი სამართალდამცველების ინფორმაცია აფგან სადიგოვის შესახებ უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით.

დამატებით, საზოგადოების ინფორმირებისა და სპეკულაციების გამორიცხვის მიზნით, განვმარტავთ, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკა ბოლო წლების განმავლობაში ითხოვდა მათ მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ძებნილი აფგან სადიგოვის ექსტრადირებას. იმის გამო, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს დაეკისრა დროებითი ღონისძიება, არ გადაეცა აფგან სადიგოვი აზერბაიჯანისათვის, ბუნებრივია ქართული მხარე უარს აცხადებდა ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე აღნიშნული პირის ექსტრადიციაზე. ქართული მხარისთვის, რამდენიმე დღის წინ, ოფიციალური წყაროებით ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის პროკურატურამ გამოიყენა დისკრეციული უფლებამოსილება და იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც სტრასბურგის სასამართლოს გაცემული ჰქონდა დროებითი ღონისძიება, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. შესაბამისად, საქართველოშიც შეწყვეტილია ყოველგვარი საექსტრადიციო პროცედურები.

ამავდროულად, სადიგოვმა ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელიც სახდელის სახით, ჯარიმასთან ერთად, ითვალისწინებს საქართველოდან გაძევებას და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვას, რაც მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ შეეფარდა ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირს. შესაბამისად, აფგან სადიგოვი გაძევებულ იქნა თავის წარმოშობის ქვეყანაში და მას დაუწესდა საქართველოში შემოსვლის სამწლიანი აკრძალვა", - აცხადებენ შსს-ში.

ამასთან, განცხადების ბოლოს, შსს დასძენს, რომ საქართველოში სრულად არის დაცული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები და სახელმწიფო მკაცრად იცავს ბალანსს ინდივიდუალურ უფლებებსა და სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებს შორის. "კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი და სამართალდამრღვევი პირები დაექვემდებარებიან კანონით განსაზღვრულ იმ ზომებს, რომლებიც სრულ შესაბამისობაშია კანონის უზენაესობის პრინციპთან", - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, აფგან სადიგოვი ანტისამთავრობო აქციებში აქტიურად მონაწილეობდა, ის გასულ წელს პოლიციამ ორჯერ დააკავა აქციებზე გზის გადაკეტვის საბაბით.

ფეისბუქ-პოსტი, რის გამოც ახლა შსს სადიგოვს ედავება, არის შემდეგი:

„იქ, სადაც დიქტატურაა, პოლიციელები მზად არიან ხელფასისა და „პაგონების“ სანაცვლოდ ყველაფერი გაყიდონ და ფეხქვეშ გათელონ - და ამას სიამოვნებით, მთელი გულით და სიამაყით აკეთებენ“, - დაწერა სადიგოვმა 1 აპრილს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები