მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შსს ბლოგერ უჩა აბაშიძის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს

განცხადება
10.05.24 01:08
987

შინაგან საქმეთა სამინისტრო სამხედრო ბლოგერ უჩა აბაშიძის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, აბაშიძე იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით არის დაკავებული.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა სამთავრობო უწყების, კერძოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ვებგვერდებზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყეს, რაც კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ ჩადენილ კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.

აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, ჩატარდა და ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები თბილისსა და ბათუმში, მათ შორის თბილისში, ი. აბაშიძის #22-ში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც სამართალდამცველებმა ჩატარებული ჩხრეკის შედეგად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვას გულისხმობს, 1984 წელს დაბადებული უ.ა. დააკავეს.

გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ ჩადენილ კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს“, - წერია განცხადებაში.

უწყება ინფორმაციას თან ურთავს ვიდეომასალას, სადაც ნაჩვენებია ამოღებული მასალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები