გრძელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება, ბაზების, ყაზარმებისა და სხვა საპოლიციო შენობების მშენებლობა-კეთილმოწყობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საანგარიშო პერიოდში, სამინისტროს ავტოპარკი 655 ერთეული ავტოტრანსპორტით განახლდა.
„მნიშვნელოვნად გაძლიერდა სასაზღვრო პოლიციის ავიაციის შესაძლებლობები - დაემატა 2 თანამედროვე, ევროპული ტიპის „H 145“ ვერტმფრენი, რომლებიც აღჭურვილია სამაშველო საშუალებებით და გამორჩეულია სიმაღლეზე ოპერირების შესაძლებლობებით.
ცალკე აღვნიშნავ, რომ ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს მოწმობს ყველა საერთაშორისო შეფასება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გასული წლის ანგარიშის თანახმად, ტრეფიკინგის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით საქართველო კვლავ უმაღლეს საფეხურზეა და მსოფლიოს მასშტაბით 188 ქვეყანას შორის უკვე მე-8 წელია ინარჩუნებს ადგილს ე.წ. „პირველ კალათაში“. გასული წლის გლობალური ინდექსის თანახმად, საქართველო, ტრეფიკინგის წინააღმდეგ გაწეული ძალისხმევით, 160 ქვეყანას შორის მე-14 ადგილს, ხოლო რეგიონში - პირველ ადგილს იკავებს.
ასევე ცალკე აღვნიშნავ, რომ გასულ წელს თბილისში დაიწყო „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობა. შენდება შვიდი მრავალსართულიანი კორპუსი; ბინას 1 000-მდე პოლიციელი მიიღებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ანალოგიურად, გრძელდებოდა აქტიური მუშაობა სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებების - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურების შესაძლებლობების გაძლიერებაზე და ამ სამსახურების შემდგომი განვითარება დარჩება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად.