მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შსს-მ ბოლო 2 დღეში მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევის ბრალდებით 14 პირი დააკავა - განცხადება

აქცია

შსს-მ ბოლო 2 დღეში მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევის ბრალდებით 14 პირი დააკავა - ამის შესახებ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ დღეს უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ბოლო 3 დღეში უწყებამ კანონდარღვევის 52 ფაქტი გამოავლინა, საიდანაც სამართალდამრღვევი 42 პირია. სირაძე ამბობს, რომ მათი ნაწილი დაკავებულია, დანარჩენებს კი უახლოეს დღეებში დაკავებენ.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარე წლის 17 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც შეკრება - მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის რეგულაციები გამკაცრდა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო 2 დღის განმავლობაში, შეკრება - მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 14 პირი - ა.გ., ქ.ც., თ.თ., დ.ა., უ.გ., დ.ე., ი.კ., კ.მ., ბ.კ., ბ.ქ., ნ.ბ., ს.ჯ. და თ.ს დააკავეს.

დაკავებულთაგან ერთ-ერთი გადაყვანილია ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში, სადაც იძულებით მკურნალობას გაივლის. აქედან გამომდინარე თავს ვიკავებთ აღნიშნული პირის ინიციალების გაჟღერებისაგან.

მოქალაქეები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან, სიმცირის მიუხედავად, ხელოვნურად კეტავენ გზის სავალ ნაწილს და აფერხებენ ტრანსპორტის მოძრაობას. ასევე დემონსტრანტების ნაწილს შენიღბული აქვს სახე რაც, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არაერთხელ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, ამასთან, აქციის მონაწილეებს, სამართალდამცველებმა ადგილზე არაერთხელ განუმარტეს, რომ არ შეეფერხებინათ სატრანსპორტო მოძრაობა, თუმცა

მოქალაქეები პოლიციას არ დაემორჩილნენ და გააგრძელეს კანონსაწინააღმდეგო ქმედება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, აქციის მონაწილეების მხრიდან ბოლო 3 დღის განმავლობაში გამოვლენილ იქნა კანონდარღვევის 53 ფაქტი, აქედან სამართალდამრღვევია 42 პირი, რომელთაგან ნაწილი უკვე დაკავებულია, ხოლო დანარჩენი პირების მიმართ მიმდინარეობს ადმინისტრაციული საქმის წარმოება და უახლოეს დღეებში მოხდება მათი საქმეების სასამართლოში ადმინისტრაციული წესით განხილვა.

აქვე, კიდევ ერთხელ შევახსენებთ სამართალდამრღვევ პირებს, თუ ისინი განმეორებით ჩაიდენენ მსგავს უკანონო ქმედებას, მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცველები იმოქმედებენ კანონის შესაბამისად - მოახდენენ ყველა სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირებას და მათ მიმართ გაატარებენ კანონით განსაზღვრულ შესაბამის ზომებს", - განაცხადა სირაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები