შსს დღეს, ჭიათურაში მაღაროების მონიტორინგის ადგილებში სამართალდამცველებს დააყენა, რადგან ბოლო პერიოდში დასაქმებულ თანამშრომელთა ნაწილი პროტესტს გამოხატავს - ინფორმაციას უწყება ავრცელებს. მათი ცნობით, დღეს "ჯორჯიან მანგანეზის" შვილობილი კომპანია რამდენიმე მაღაროს მონიტორინგს გეგმავს და უსაფრთხოების დაცვისთვის ადგილზე შსს-ს შესაბამისი დანაყოფები იქნებიან მობილიზებულები.
"მიმდინარე წლის 30 აპრილს, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, კოროხნალის, შუქრუთის, ითხვისის და დარკვეთის მაღაროებში არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით, „ჯორჯიან მანგანეზის“ შვილობილი კომპანიის, შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ წარმომადგენლები, შესაბამისი მიმართულების სპეციალისტებთან ერთად მონიტორინგს განახორციელებენ.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ბოლო დროს, ჭიათურის მუნიციპალიტეტში მაღაროებში დასაქმებულ თანამშრომელთა ნაწილი გამოხატავს პროტესტს, აქედან გამომდინარე, ადგილზე მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მობილიზებულნი იქნებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები.
მოვუწოდებთ პროტესტის გამომხატველებს, არ დაარღვიონ კანონი. კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება", - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 28 აპრილს ჭიათურაში, საპროტესტო აქციის მონაწილეები დაკავა. უწყების ინფორმაციით, 4 პირი შუქრუთის მაღაროს დირექტორის თენგიზ კობერიძესთან დაპირისპირების გამო, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მიხედვით, მათ თავისუფლების 6 წლის ვადით აღკვეთა ემუქრებათ.




























