შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ხუთი პირი, 2002 წელს დაბადებული ფ.პ., 1967 წელს დაბადებული ვ.ლ., 1980 წელს დაბადებული ი.ი., 1985 წელს დაბადებული ჯ.ლ. და 1995 წელს დაბადებული ლ.კ. დააკავა - ინფორმაციას უწყება ავრცელებს.
შსს-ს ცნობით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
უწყების ინფორმაციით, მათ ბრალი ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვასა და რეალიზაციის ხელშეწყობაში.
საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება. მათ შორის: 22 შეკვრა კოკაინი, „სუბუტექსის“ 261 აბი და 36 აბის ნატეხი, „მდმა“, „ამფეტამინი“, პსილოცინის შემცველი სოკო, „ლირიკა“ და გამომშრალი მარიხუანა.
გარდა ამისა, პოლიციამ ამოიღო ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალებიც.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულთა ქმედებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით არის კვალიფიცირებული, რისთვისაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა არის გათვალისწინებული.




























