შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს სხვა დანაყოფების კოორდინაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, საქართველოდან უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე გააძევეს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გაძევებულ პირთა შორის არიან: აზერბაიჯანის, ბელარუსის, ეგვიპტის, ერაყის, თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ირანის, ისრაელის, პაკისტანის, რუსეთისა და ჩინეთის მოქალაქეები.
შსს-ს ცნობით, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, გაძევებულ პირებს საქართველოში შემოსვლა აეკრძალათ.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი პასუხისმგებელია უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე. მისი ერთ-ერთი კომპეტენციაა საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და მათი გაძევება,“ – ნათქვამია უწყების განცხადებაში.




























