შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა გასულ დღეებში საქართველოდან უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე გააძევა - ამის შესახებ ინფორმაციას სს ავრცელებს.
"ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: ინდოეთის, თურქეთის, კუბის, ეგვიპტის, ჩინეთის, პაკისტანის, რუსეთის, კონგოს, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, ნიგერიის, ტაილანდის, ქუვეითის, ისრაელისა და განას - ჯამში 31 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ", - ვკითხულობთ გავრცელებულ პრესრელიზში.
უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წელს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნიდან გააძევეს უცხო ქვეყნის 1000-ზე მეტი მოქალაქე, რაც "უპრეცედენტოდ მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს და მნიშვნელოვნად აღემატება გასული სამი წლის მანძილზე გაძევებული პირების ჯამურ რაოდენობას".
შსს-ს ვებგვერდზე ხელმისაწვდომი საჯარო სტატისტიკის თანახმად, 2022 წელს საქართველოდან უცხო ქვეყნის 165 მოქალაქე გააძევეს, 2023 წელს - 190, გასულ წელს კი - 363. ჯამურად, ბოლო სამ წელიწადში, მიგრაციის დეპარტამენტმა 718 ადამიანი გააძევა.
2025 წლის მხოლოდ სამ კვარტალში (იანვარი-სექტემბერი) კი საქართველოდან გაძევებულ პირთა რაოდენობა კი 851-ია.




























