შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან 5 ადამიანის ცხედარი არის ამოყვანილი. სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება, მათ შედეგად, ნანგრევებიდან 2 ადამიანის ამოყვანა მოხერხდა. სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე დაწყებული საგამოძიებო სამუშაოების შედეგად, დაკავებულია 3 პირი, რომელთაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოების უსაფრთხოების წესების დარღვევა ედებათ ბრალად. მათ 2-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ჯერჯერობით გაურკვეველია ზუსტად რამდენი ადამიანი იმყოფებოდა 7-სართულიან კორპუსში, რომელიც გუშინ ჩამოინგრა.
"დაკავებული არიან პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე 1975 წელს დაბადებული ზ.ბ. , 1962 წელს დაბადებული ხ.ს. და 1992 წელს დაბადებულ გ.ს. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ზ.ბ.-მ ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ხ.ს. და გ.ს. დაიქირავა. ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.
სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტებზე, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი მოჰყვა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს,"- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.