მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შსს-ს ეფექტური საქმიანობის შედეგად, ნარკოტიკების ხელმისაწვდომობა დაახლოებით რვაჯერ შემცირდა - კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ნარკოტიკების ხელმისაწვდომობა შემცირებულია როგორც ფიზიკური, ისე ფინანსური თვალსაზრისით დაახლოებით რვაჯერ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ეფექტიანი საქმიანობის შედეგია, – ამის შესახებ "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის დაკავებული იქნა და პასუხისგებაში მიეცა 226 პირი, რაც მისი შეფასებით, უპრეცედენტო მაჩვენებელია.

„შემდეგი საკითხი, რასაც მინდა შევეხო, უკავშირდება საზოგადოებრივ უსაფრთხოებას - ნარკოტიკები, ორგანიზებული დანაშაული, კორუფცია. ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა და კონკრეტულად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან ეფექტიანად მუშაობს გასული თვეების განმავლობაში. ბოლო სამ თვეში ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით პასუხისგებაში მიეცა 156 პირი. საუბარია მსხვილ ნარკორეალიზატორებზე, რომელთა დაკავებაც განხორციელდა. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის დაკავებული იქნა და პასუხისგებაში მიეცა 226 პირი, რაც არის უპრეცენდენტო მაჩვენებელი. ჩვენ გვქონდა შემაშფოთებელი ტენდენციები ნარკოტიკების მოხმარების, გავრცელების კუთხით და ჩვენ გვჭირდებოდა გადამჭრელი ზომების მიღება ამ ტენდენციების აღსაკვეთად. სწორედ ამის გამოხატულებაა ის სტატისტიკა, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი. ამან გამოიწვია ის, რომ ნარკოტიკების ხელმისაწვდომობა არის შემცირებული როგორც ფიზიკური, ისე ფინანსური თვალსაზრისით დაახლოებით რვაჯერ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ეფექტიანი საქმიანობის შედეგია. ასევე უპრეცენდენტო რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები არის ამოღებული. მათ შორის, გვქონდა კონკრეტული ფაქტი, როდესაც 298 კილოგრამი ჰეროინი იქნა ამოღებული. ასევე, რამდენიმე დღის წინ ამოღებული იქნა 34 500-ზე მეტი აბი მეტადონი, რაც ასევე უპრეცენდენტო რაოდენობაა. ნარკოტიკებთან ბრძოლა კვლავაც დარჩება ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად“, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" პარლამენტმა 16 აპრილს მიიღო კანონი რომლის თანახმადაც, სისხლის სამართლის კოდექსში გამკაცრდა ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული მუხლები.

  • ცვლილებების მიხედვით, ვისაც დაუდასტურდება, რომ მოიხმარა ნარკოტიკი ან მას, ვინც თავს აარიდებს ნარკოლოგიურ შემოწმებას, სამი წლით ჩამოართმევენ ავტომობილის მართვის მოწმობას, ხუთი წლით აუკრძალავენ საჯარო სამსახურში, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობას და ამავე ვადით ჩამოართმევენ იარაღის ტარების/ქონის უფლებას;
  • სასჯელები ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისთვის; მცირე ოდენობის ნარკოტიკის გაყიდვა დაისჯება 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობით - იქამდე ეს დანაშაული ათ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა;
  • სამიდან ექვს წლამდე დაისჯადი გახდა კანაფის და მარიხუანის გასაღება, ხუთიდან ათ წლამდე პატიმრობით - კანაფისა და მარიხუანის გაყიდვა;
  • ახალი რედაქციით, კანონი განსაზღვრავს, რას ჩათვლის სახელმწიფო ნარკოტიკებით ვაჭრობად და ვის ჩათვლის ნარკომოვაჭრედ, ასევე იმას, თუ ვინ ჩაითვლება ნარკომოვაჭრის ოჯახის წევრად, ახლო ნათესავად და დაკავშირებულ პირად, რა ჩაითვლება ნარკომოვაჭრის ქონებად - კანონში ასეთი განმარტებები არ არსებობდა.

კანონში შეიცვალა სხვა მუხლებიც. ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, გამკაცრდა აღსრულება მანამდე არსებულ ნორმებზე, მათ შორის, კობახიძის განცხადებაც ადასტურებს, რომ შსს იჭერს ბევრად მეტ რეალიზატორს. რატომ არ იყო აღსრულების მექანიზმი ასევე მკაცრი "ოცნების" მმართველობის გასულ 12 წელში უცნობია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები