შინაგან საქმეთა სამინისტრო შესყიდვების სააგენტოს გამარტივებული შესყიდვის განხორციელების მიზნით მიმართავს. საუბარია 2 ავტობუსისა და 11 მიკროავტობუსის შესყიდვაზე, რომლის ღირებულება 1 814 521 ლარია.
დამკვეთმა კონტრაქტორს სატრანსპორტო საშუალებები ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 10 სამუშაო დღეში უნდა მიაწოდოს.
შსს-ის მიერ წარმოდგენილ დასაბუთებაში ვკითხულობთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს, სამსახურებრივი საჭიროებისათვის, კერძოდ კონფლიქტურ ზონაში არსებული ბლოკსაგუშაგოებზე პირადი შემადგენლობის გადაყვანისა და მონიტორინგის მიზნით, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს საკონტროლო-გამშვებ პუნქტების კონტროლისა და მონიტორინგის მიზნით ესაჭიროება ავტოსატრანსპორტო საშუალებების უმოკლეს ვადებში შესყიდვა.
მათი ინფორმაციით, შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი თავისი ფუნქციონალური მოვალეობებიდან გამომდინარე ასრულებს სხვადასხვა დავალებებს, როგორიცაა ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის მიმდებარე პერიმეტრზე პატრულირება, დამნაშავეების დევნა-დაკავების ოპერაცია, მასების მართვის ღონისძიებები და სხვა, შესაბამისად ყველა დასახული ამოცანის შესრულების დროს, მათი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ოპერატიულობას.
ამასთან, შესყიდვების სააგენტოსთვის წარმოდგენილ ინფორმაციაში წერია, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის რიცხოვნობა აღემატება 4 600 მოსამსახურეს. მათი თქმით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისთვის გარდა ე.წ. საპატრულო ეკიპაჟის მანქანებისა, ბოლო პერიოდში მსგავსი ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალების შესყიდვა, რომელსაც შეუძლია ერთდროულად რამდენიმე ათეული ადამიანის გადაყვანა არ განხორციელებულა. რის გამოც მიღებული იქნა გადაწყვეტილება ავტოპარკის განახლების შესახებ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ დაგეგმილია ანალოგიური ტიპის 45 ერთეული ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალების შესყიდვა ელექტრონული ტენდერის საშუალებით, რისთვისაც საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის დადგენილების შესაბამისად, გამოიცა მთავრობის განკარგულება და შესაბამისი ტენდერი უნდა გამოცხადდეს უახლოეს პერიოდში. მათივე ინფორმაციით, მოცემული 45 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდების ვადა განსაზღვრულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 300 კალენდარული დღით.
შსს-ში განმარტავენ, რომ მიწოდების ვადის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, მოცემულ ეტაპზე დღის წესრიგში დადგა 13 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში შესყიდვა.