ოთხშაბათს ინდური რუპია დოლართან მიმართებით 92-იან ნიშნულს პირველად გაცდა, რადგან ახლო აღმოსავლეთში გამწვავებულმა ომმა ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა განაპირობა, გაზარდა პორტფელური ინვესტიციების გადინების რისკი და გააჩინა შეშფოთება რეგიონში მყოფი დიასპორის ფულად გზავნილებთან დაკავშირებით - ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
რუპია დოლართან რეკორდულ 92.17-მდე დაეცა, რაც 0.7%-იანი კლებაა. ამით გადაიფარა იანვრის ბოლოს დაფიქსირებული წინა ისტორიული მინიმუმი - 91.9875.
ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაფართოება ინდოეთს რამდენიმე გარე არხის მეშვეობით უქმნის საფრთხეს. ქვეყანა ნედლი ნავთობის საჭიროების 80%-ზე მეტის იმპორტს ახორციელებს, რაც რუპიას განსაკუთრებით მგრძნობიარეს ხდის ნავთობის ფასების შოკების მიმართ. ეს კი ზრდის იმპორტის ხარჯებს, აფართოებს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს და აჩქარებს ინფლაციას.
ამავდროულად, რისკების მიმართ გაზრდილმა სიფრთხილემ შესაძლოა, ინდური აქციებიდან უცხოური პორტფელური ინვესტიციების გადინება გამოიწვიოს, ხოლო ახლო აღმოსავლეთში ეკონომიკური აქტივობის ნებისმიერი შეფერხება რეგიონში მომუშავე ინდოელების ფულად გზავნილებს უქმნის საფრთხეს.




























