2022 წლის 10 თვეში საქართველოდან უცხოეთში $661 მილიონის ღირებულების 64 ათასი ავტომობილი გავიდა. ეს მაჩვენებელი წინა კი წინა წელთან შედარებით 77%-ით მეტია.
CAUCASUS AUTO IMPORT-ის დისტანციური გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი კახა ლომიძე აცხადებს, რომ ავტომობილების რეექპორტის მაჩვენებლები გასული წლიდან მზარდია, ბაზარზე ჩავარდნა იყო მხოლოდ მიმდინარე წლის მარტში იყო, რაც უკრაინაში არსებულ საომარ მოქმედებებს უკავშირდებოდა. მათი თქმით, უკრაინის ბაზარი გასულ თვეებთან შედარებით გააქტიურებულია.
“იანვრიდან აგვისტომდე ყოველთვიურად იზრდებოდა რეექსპორტის მაჩვენებელი. საკმაოდ მზარდი ტენდენცია იყო დაფიქსირებული. საშუალო პროცენტული ზრდა იყო 20%, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ერთადერთი ჩავარდნა იყო მარტის თვეში, როცა რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო. უკრაინა გამოგვეთიშა, დღეს გარკვეულ წილს მაინც იღებს ჩვენი ბაზრიდან, მაგრამ როგორი დიდი მოთამაშე იყო, ისეთი აღარ არის", - ამბობს დისტანციური გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი კახა ლომიძე.
თავის მხრივ, ავტოიმპორტიოთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ განსაკუთრებული ინტერესი გაჩნდა შუა აზიის ქვეყნებიდან. ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, ქვეყნის სტრატეგიული ადგილმდებარეობის გათვალისწინებით შუა აზიის ქვეყნებიდან დილერები საქართველოში ჩამოდიან და ავტომობილები რეექსპორტით სამიზნე ქვეყნებში გააქვთ.
“ათეულობით ადამიანი შუა აზიის ქვეყნებიდან ჩამოვიდა საქართველოში, გარკვეული დროით დარჩნენ, აქ ცხოვრობენ და სისტემატიურად აგზავნიან ავტომობილებს ყაზახეთში, ყირგიზეთში და ტაჯიკეტში და კიდევ სხვა არაერთ ქვეყანაში, საიდანაც ისინი არიან ჩამოსულები", - აცხადებს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავჯდომარე ლაშა დარბაისელი.
ცნობისთვის, 2022 წლის 10 თვეში საქართველოდან ყველაზე მეტი - $245 მილიონის ღირებულების ავტომობილები აზერბაიჯანში გავიდა ექსპორტზე. მეორე ადგილს $117 მილიონით უკრაინა იკავებს, ხოლო მესამე პოზიციაზე სომხეთია, სადაც $84 მილიონის ღირებულების ავტომობილები გავიდა ექსპორტზე.