მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შუა დერეფანი აღარ არის ალტერნატივა, შესაბამისად, იზრდება მოთხოვნა აღნიშნულ დერეფანზე | თამარ იოსელიანი

თამარ იოსელიანი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი აცხადებს, რომ შუა დერეფანი აღარ არის ალტერნატივა, შესაბამისად, იზრდება მოთხოვნა აღნიშნულ დერეფანზე. ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ მინისტრის მოადგილე ბათუმში მიმდინარე საქართველოს მესამე საერთაშორისო საზღვაო ფორუმში მონაწილეობს - თამარ იოსელიანი ფორუმის ფარგლებში გამართული პანელის „ზღვებიდან დერეფნებამდე: გლობალური ვაჭრობის ახალი გეოგრაფია“ ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი იყო.

„ჩვენ განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის შუა დერეფნის კონტექსტი და მისი როლი, ზოგადად, მსოფლიო სავაჭრო სისტემებში. აღინიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია და ის, რომ შუა დერეფანი აღარ არის ალტერნატივა, შესაბამისად, იზრდება მოთხოვნა აღნიშნულ დერეფანზე.

ძალიან საინტერესო დისკუსიები შედგა როგორც სახელმწიფო წარმომადგენლებს, ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის. ჩვენ გავაზიარეთ ის სტატისტიკა, რაც გვაქვს დღეს საქართველოს სატრანსპორტო სისტემაში, ეს მოიცავს როგორც რკინიგზას, ასევე საქართველოს პორტებს. წელს, 8 თვის მონაცემებით, ძალიან მაღალი არის ტვირთბრუნვა, გვაქვს რეკორდული მაჩვენებლები, გვაქვს ზრდა და უნდა ითქვას, რომ ასევე ეს ზრდა განპირობებულია იმ სწორი მენეჯმენტით, რომელიც როგორც საქართველოს ნავსადგურებში, ასევე საქართველოს რკინიგზაში ხორციელდება“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, თამარ იოსელიანმა ხაზი გაუსვა ზოგადად კერძო და საჯარო თანამშრომლობის მნიშვნელობას. მისი შეფასებით, საქართველოს ნავსადგურებთან თანამშრომლობა ამის კარგი მაგალითი.

„სწორედ ეს აღვნიშნეთ დისკუსიების დროს, რომ როგორც რეგიონული თანამშრომლობა, ასევე კერძო და საჯარო თანამშრომლობა არის უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ მომხმარებლებს მივაწოდოთ სწრაფი, ეფექტური და სანდო სერვისები“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

თამარ იოსელიანის თქმით, პორტების გამტარუნარიანობის გაზრდა უსაფრთხო ნაოსნობას, ეფექტიან მართვას, საერთაშორისო სტანდარტებსა და კვალიფიციურ კადრებს უნდა ეფუძნებოდეს.

მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ დერეფანი უნდა იყოს საიმედო, ეფექტიანი, უსაფრთხო და კონკურენტუნარიანი.

შუა დერეფანი თავისი არსით მულტიმოდალურია. ჩვენი ამოცანაა, ეს მარშრუტი მაქსიმალურად შეუფერხებლად მომუშავე გავხადოთ და პორტები და საზღვაო გადაზიდვები რკინიგზასთან, ავტომაგისტრალებთან, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებსა და ციფრულ სისტემებთან დავაკავშიროთ.

ჩვენ ინვესტიციებს ვდებთ მთლიან სატრანსპორტო ჯაჭვში: რკინიგზაში, ავტომაგისტრალებში, არსებულ პორტებსა და ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში. თუმცა ამ ინვესტიციების რეალური ღირებულება გამოჩნდება იმით, თუ რამდენად ეფექტურად დაუკავშირდება ეს პროექტები ერთმანეთს და ფართო რეგიონის ინფრასტრუქტურას. ჩვენი მიზანი ისეთი დერეფნის შექმნა უნდა გახდეს, რომელიც თავიდან ბოლომდე იქნება საიმედო, ეფექტიანი, უსაფრთხო და კონკურენტუნარიანი“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

მისივე თქმით, ამ შედეგის მიღწევა მოითხოვს ინვესტიციებსა და ძლიერ ინსტიტუტებს, თუმცა, უპირველეს ყოვლისა თანამშრომლობას მთელი დერეფნის მასშტაბით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები