მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“შუა დერეფანი არ არის მხოლოდ გზა ტრანსპორტირებისთვის, ის ეკონომიკურ პოტენციალს ქმნის" - ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე

ინფრასტრუქტურა

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის მზია გიორგობიანის განცხადებით, შუა დერეფნის განვითარების პროცესში ქართული უწყება სატრანსპორტო მიმართულებით, მათ შორის სახმელეთო გადაადგილებისა და ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, მუშაობს. ამის შესახებ მან “მსოფლიო ბანკის” “შუა დერეფნის პოტენციალის” ანგარიშის წარდგენაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მზია გიორგობიანი აღნიშნავს, რომ "შუა დერეფანი" მხოლოდ ტრანსპორტირების გზა არ არის და ის მუნიციპალიტეტების და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის პოტენციალს შესაძლებლობას ქმნის.

“[მსოფლიო ბანკის ანგარიშიდან] კიდევ ერთხელ გამოიკვეთა საქართველოს როლი შუა დერეფნის განვითარებაში. ჩვენ, როგორც სამინისტრო, ვმუშაობთ სატრანსპორტო მიმართულებით, სახმელეთო-სატრანსპორტო გადაადგილებასთან დაკავშირებით, ინფრასტრუქტურის მოწყობაზე და დასრულებული გვექნება ყველა ძირითადი მაგისტრალი, რომელიც ტვირთნაკადის გატარებას უზრუნველყოფს. ასევე ვმუშაობთ გაციფრულებაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვაგროვებთ ინფორმაციას იმაზე, როგორ შეიძლება ციფრულმა ტექნოლოგიებმა იმუშაოს მთლიანად სტრუქტურაში.

რაც მთავარია, შუა დერეფანი არ არის მხოლოდ გზა ტრანსპორტირებისთვის, ის ეკონომიკურ პოტენციალს ქმნის. ის უზრუნველყოფს გზის მიმდებარედ ყველა იმ დასახლების, მუნიციპალიტეტისა და რეგიონის განვითარებას, სადაც შესაძლებელია ნედლი პროდუქციის წარმოება და ამ პროდუქტზე დამატებითი ღირებულების შექმნას, ასევე საზღვარგარეთ ტრანსპორტირებას”, - ამბობს მზია გიორგობიანი.

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ ამ რეგიონების განვითარება რამდენიმე მიმართულებით შეიძლება, თუმცა ერთ-ერთი მთავარი სამუშაო ადგილების შექმნა და საერთაშორისო კომპანიებისთვის კვალიფიციური კადრების დახვედრებაა.

“რამდენიმე მიმართულებით შეიძლება რეგიონების განვითარება, მათ შორის იმ უნიკალური პოტენციალის შექმნისა და ათვისების მიმართულებით, რაც დიდ ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს რეგიონებს, როგორც იქ წარმოებული პროდუქციის ექსპორტის, ისე დასაქმებული მუშახელის კვალიფიციურობის ამაღლების თვალსაზრისით. გვექნება შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც საქართველოში პროდუქტს აწარმოებენ, უზრუნველვყოთ კვალიფიციური კადრებით და გავზარდოთ ღირებულება აქ წარმოებულ ნედლეულზე”, - აცხადებს მზია გიორგობიანი.

ცნობისთვის, “მსოფლიო ბანკმა” დღეს თბილისში ახალი ანგარიში წარადგინა, რომელშიც “შუა დერეფნის” სავაჭრო და სატრანსპორტო პოტენციალია შეფასებული. კვლევის თანახმად, არსებობს შესაძლებლობა, რომ “შუა დერეფანში” ტვირთბრუნვა სამჯერ გაიზარდოს, სამგზავრო დრო კი - განახევრდეს, საქართველო კი ამ მარშრუტის ერთ-ერთი მთავარი რგოლია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები