მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შუა დერეფანი: ბილიკიდან მაგისტრალამდე“ - პრემიერი დავოსში პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვა

63c6aae911cd2
გიორგი არონია
17.01.23 18:07
1076
„ევრაზიის შუა დერეფანი: ბილიკიდან მაგისტრალამდე“, - ასე ჰქვია დავოსის „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში ჩანიშნულ პანელურ დისკუსიას, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი 19 იანვარს დაესწრება.

„უკრაინაში მიმდინარე ომის გლობალური გავლენების მეტად გამოკვეთის ფონზე, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს კონფლიქტის შესაძლო შედეგებთან ადაპტაცია უწევთ“, - ვკითხულობთ „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დღის წესრიგში. როგორც ირკვევა, პანელური დისკუსია ევროპასა და აზიას შორის არსებულ ურთიერთობებს და ტრანსკასპიურ-დერეფნის ეფექტიან ათვისებას დაეთმობა.

ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად პანელურ დისკუსიაში მონაწილოებას აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი, ბიუჯეტის და ადმინისტრირების საკითხებში ევროკომისარი, იოჰანეს ჰანი, Limak Holding-ის თავმჯდომარე, ებრუ ოზდემირი და „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ ჟენევის ოფისის მმართველი დირექტორი, მირეკ დუშეკი დაესწრებიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და უცხოური ინვესტიციების მიმართულებით პრემიერ-მინისტრის სპეციალური მრჩეველი ვაზილ ჰუდაკი არიან.

ამ დროისთვის, დავოსის „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი სასურსათო პროდუქციით საცალო ვაჭრობისა და ჰიპერმარკეტების ქსელის მფლობელი კომპანიის Majid al Futtaim-ის აღმასრულებელ დირექტორს, ჰანი ვეისს და შვედური გადამზიდავი კომპანიის, Stena Line-ის აღმასრულებელ დირექტორს, ნიკლას მარტენსოს შეხვდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები