მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„შუა დერეფანი სხვა ალტერნატივებთან შედარებით ყველაზე ძვირ მიმართულებად რჩება“ - რა გამოწვევებია TITR-ში?

შუა დერეფანი

საავტომობილო გადაზიდვების ასოციაციის ხელმძღვანელის შეფასებით, შუა დერეფანი, სხვა ალტერნატივებთან შედარებით, ყველაზე ძვირ მიმართულებად რჩება. BMG tv-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ შუა დერეფნისა და მისი შემადგენელი ნაწილის საქართველოს მონაკვეთის განვითარების პერსპექტივებზე საუბრისას ირაკლი ნემსაძემ განაცხადა, რომ საქართველო შუა დერეფნის მნიშვნელოვან რგოლად უნდა იქცეს, თუმცა „ბოლო წლების სტატისტიკა სწორედ იმ შემაშფოთებელ ნიშნებს გვაძლევს, რომ აქ ყველაფერი რიგზე არ არის“.

გადაცემის წამყვანის კითხვის საპასუხოდ რა ბარიერები არსებობს საქართველოს სატრანსპორტო მონაკვეთში და რა გამოწვევებს უქმნის ეს ბიზნესს, საავტომობილო გადაზიდვების ასოციაციის ხელმძღვანელი მთავარ გამოწვევად საბაჟო-გამშვებ პროცედურებს ასახელებს.

„მთავარი არტერია იწყება საქართველოს პორტებით დასავლეთის მხრიდან, ან თურქეთის - თურქეთ-საქართველოს გამშვები პუნქტებით. თურქეთ-საქართველოს გამშვებ პუნქტებზე ისეთი მდგომარეობა გვაქვს, რომელიც გამტარუნარიანობის გაუმჯობესების სურვილს ტოვებს. პორტების მიმართულებით - ფოთის პორტი გაფართოებას საჭიროებს უკვე დიდი ხანია დღის წესრიგშია. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სტატუსი და ბედი საერთოდ გაუგებარია. რაც შეეხება ჩრდილოეთის მიმართულებით, კობი-გუდაურის მონაკვეთსა ზემო ლარსის მიმართულებას - ჩვენი გამტარი ზონა ფაქტობრივად, მთელი ნახევარი წლის განმავლობაში კრიზისულ ვითარებაშია, ზამთრის პერიოდში კლიმატური პირობების გამო, ხოლო ზაფხულის პერიოდში ტურისტული ნაკადების გამო, ძალიან მძიმე გზად ითვლება და ხშირ შემთხვევაში მძღოლები, გადამზიდავები, ტვირთმფლობელები ან უკიდურესი მძიმე პირობების გამო, დიდი დანახარჯების ან ამ გზას გადიან ან საერთოდ თავს არიდებენ. ზოგადად შუა დერეფანზე თუ ვისაუბრებთ, რომლის შემადგენელი ნაწილი მხოლოდ საქართველო არ არის, მთავარი შემდეგი საცობი, ესე ვთქვათ და დაბრკოლება აზერბაიჯანის პორტია, სადაც მოლოდინის პერიოდი საკმაოდ მაღალია. იქაც, ნაწილობრივ კლიმატური პირობების გამო, ნაწილობრივ ბიუროკრატიული დაბრკოლებების გამოც. საერთო ჯამში, შუა დერეფნის მიმართულება სხვა ალტერნატივებთან შედარებით ყველაზე ძვირ მიმართულებად რჩება“, - განმარტა ირაკლი ნემსაძემ.

საავტომობილო გადაზიდვების ასოციაციის ხელმძღვანელმა 2025 წელს გადაზიდვებში არსებული ვითარებაც შეაფასა. ის ამბობს, რომ ბოლო ორი წელიწადია გადაზიდვები სტაგნაციითა და მცირედი კლების ტენდენციით ხასიათდება.

„როცა 2024-ში ეს შედეგები დაფიქსირდა, მაშინვე ჩვენ აღვნიშნეთ, რომ სტაგნაციაც და ზრდის არარსებობაც უკვე საგანგაშო იყო და იმას ნიშნავდა, რომ ტვირთმფლობელები და დაინტერესებული სუბიექტები ალტერნატიულ გზებს უკვე ეძებდნენ. ვინაიდან ქვეყანას აქვს გაცხადებული სტრატეგია, რომ შუა დერეფნის მნიშვნელოვან რგოლად ყოფნა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში შედის. ეს არა მხოლოდ ეკონომიკური ინტერესია, არამედ უსაფრთხოების თვალსაზრისითაც უკიდურესად მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, გზას, რომლითაც ყველა სარგებლობს, როგორც წესი, არავინ ბომბავს. ამიტომ ჩვენ უნდა ვიქცეთ შუა დერეფნის მნიშვნელოვან რგოლად და ბოლო წლების სტატისტიკა სწორედ იმ შემაშფოთებელ ნიშნებს გვაძლევს, რომ აქ ყველაფერი რიგზე არ არის“, - განაცხადა ირაკლი ნემსაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები