Tbilisi Dry Port-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ ინაიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო შუა დერეფანთან დაკავშირებული შესაძლებლობით სარგებლობას აგვიანებს.
მან რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე დერეფნის გაზრდილ მნიშვნელობასა და შუა დერეფანთან მიმართებით საქართველოში არსებულ გამოწვევებზე "საქმიან დილაში" ისაუბრა.
ჯემალ ინაიშვილის თქმით, ძირითადი პრობლემები ინფრასტრუქტურას უკავშირდება.
"შუა დერეფანმა რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიძინა განსაკუთრებული მნიშვნელობა არა მარტო ჩვენთვის, არამედ ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის. ჩვენ მოგვეცა კარგი შესაძლებლობა, რომელიც ძალიან სწრაფად უნდა გამოგვეყენებინა და ვფიქრობ, ამას ვაგვიანებთ.
შუა დერეფანში ჩვენი თანამონაწილეობის სუსტი რგოლი ინფრასტრუქტურაა. პირველ რიგში, სახელმწიფომ -ინვესტიცია უნდა განახორციელოს ინფრასტრუქტურაში, ნავსადგურებში და რკინიგზაში. ეს ამოცანა უნდა იქნეს დასახული და შესრულდეს. ფოთის, ბათუმის ნავსადგურებში განხორციელდა კერძო ინვესტიციები, მაგრამ ეს საკმარისი არაა, ინვესტიციები უნდა განხორციელდეს უშუალოდ ინფრასტრუქტურაში და ანაკლიის პროექტი აბსოლუტურად მნიშვნელოვანია",- განაცხადა ჯემალ ინაიშვილმა.




























