შუა დერეფანში გაზრდილი გადაზიდვები ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალზე დადებითად მოქმედებს, თუმცა ეს ავტომატურად ეკონომიკურ მოგებად არ გარდაიქმნება. ასე აფასებენ აუდიტორულ და ბიზნესს საკონსულტაციო მომსახურების კომპანია BDO-ში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო გზის გააქტიურებით შექმნილ ვითარებას, რომლითაც საქართველომ როგორც ამ მარშრუტის ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა მონაწილემ სარგებელი უნდა მიიღოს.
BDO საქართველოს ბიზნესს საკონსულტაციო მიმართულების მენეჯერი დავით ფაღავა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას ამბობს, რომ შექმნილი პოტენციალის ეკონომიკურ მოგებად გადასაქცევად სახელმწიფოს და კერძო სექტორის მხრიდან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ესაჭიროება.
„შუა დერეფნის გააქტიურებას ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალზე დიდი გავლენა აქვს, ანუ პოტენციალი უკვე შეიქმნა. უბრალოდ აქ მნიშვნელოვანია, რომ პოტენციალი ავტომატურად ეკონომიკურ მოგებად არ გარდაიქმნება და ამისთვის მნიშვნელოვანი იქნება როგორც სახელმწიფოს მხრიდან მიზანმიმართული ნაბიჯების გადადგმა, ასევე კერძო სექტორის გააქტიურება სწორი საინვესტიციო პოლიტიკის და გადაწყვეტილებების მიღების მხრივ.
სწორედ ამას ცდილობს BDO, რომ კერძო სექტორის ნაწილში სწორი ანალიზი მიაწოდოს ბიზნესს და ინვესტირებისას გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმაროს, რათა მაქსიმალურად შეამციროს რისკები და გაზარდოს ის უკუგება, რაც შეიძლება ამ შესაძლებლობის გამოყენებით ბიზნესმა მიიღოს“, - აღნიშნა დავით ფაღავამ.
BDO საქართველოს ბიზნესს საკონსულტაციო მიმართულების მენეჯერი აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში განვითარებულმა გეოპოლიტიკურმა ცვლილებებმა საქართველო გლობალურ სატრანსპორტო რუკაზე გამოაცოცხლა, შუა დერეფნის გააქტიურება კი ფორსირებულად მოხდა.
„მნიშვნელოვანია ბაზრის სწორი კვლევა, სწორი აქცენტების გაკეთება. უნდა განისაზღვროს რა პოტენციალი აქვს და რა სერვისები შეიძლება შესთავაზოს ინდუსტრიამ ტვირთის მფლობელებს, სად შეიძლება მოხდეს დამატებითი ღირებულების სერვისების შექმნა და რა ფორმით. ასევე აუცილებელია ინვესტიციების გატესტვა და დროში მოდელირება, რათა 10-15-წლიანი პერსპექტივით დავინახოთ სურათი, იმიტომ რომ „ინდუსტრია საკმაოდ კაპიტალტევადია“ ანუ ინფრასტრუქტურის კუთხით ინვესტიციებს მოითხოვს“, - განმარტავს BDO საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულების მენეჯერი.




























