მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შუა დერეფნის განვითარებისთვის ყაზახეთი და აზერბაიჯანი შეთანხმების გაფორმებას გეგმავენ - ყაზახეთის ტრანსპორტის სააგენტო

შუა დერეფანი

ყაზახეთი შუა დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებით აზერბაიჯანთან სამთავრობო შეთანხმების გაფორმებას გეგმავს. ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, სამთავრობო შეთანხმების პროექტი უკვე შემუშავებულია.

„მონაწილე ქვეყნები გააგრძელებენ ერთობლივ მუშაობას მარშრუტის განვითარებაზე, საერთაშორისო ტვირთგამგზავნებისთვის მისი მიმზიდველობის გაზრდასა და გამტარუნარიანობის გაფართოებაზე. ამგვარად, TITR-ის ინსტიტუციური სტატუსის ამაღლების მიზნით, აზერბაიჯანთან ერთად შემუშავდა სამთავრობო შეთანხმების პროექტი TITR-ის განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ. მისი ხელმოწერა იგეგმება უახლოეს მომავალში“, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ბოლო 7 წლის განმავლობაში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო გზით [TITR] გადაზიდვების მოცულობა 5-ჯერ გაიზარდა — წელიწადში 0,8-დან 4,5 მილიონ ტონამდე. 2025 წლის შედეგებით, აღნიშნული მარშრუტით ტრანსპორტირებულია დაახლოებით 77 ათასი TEU (ოცფუტიანი კონტეინერი). 2029 წლამდე დაგეგმილი მაჩვენებელი კი 300 ათას TEU-ს შეადგენს.

„შუა დერეფანმა უკვე დაიმკვიდრა თავი, როგორც მსოფლიო ლოგისტიკური ქსელის მნიშვნელოვანმა ელემენტმა“, - ასე აფასებენ ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობას.

უწყებაში განმარტავენ, რომ გადაზიდვების მოცულობის ზრდა განაპირობა არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის გაფართოებამ, არამედ მონაწილე ქვეყნებსა და სატრანსპორტო ოპერატორებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებამ.

მათ შორის, მათი შეფასებით, ზრდის საკვანძო ფაქტორები გახდა:

  • საერთაშორისო გადაზიდვებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, საბაჟო პროცედურების გამარტივების ჩათვლით;
  • მარშრუტის კონკურენტუნარიანობის ამაღლება მიწოდების ვადების შემცირების ხარჯზე — ვადები 28–32 დღიდან 13–17 დღემდე შემცირდა;
  • მზარდი მოთხოვნა ტვირთების ტრანსპორტირებაზე „ერთი ფანჯრის“ პრინციპით, რაც ლოგისტიკური ოპერაციების მაღალ საიმედოობასა და გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.

„მუშაობა ამ მიმართულებით გაგრძელდება ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ერთობლივი „საგზაო რუკების“ ფარგლებში, რომლებიც მიზნად TITR-ში არსებული „ვიწრო ადგილების“ აღმოფხვრას (მიღებულია 2022 წელს ქ. აქთაუში და 2025 წელს ქ. ალმათიში) ისახავს“, - აღნიშნავენ უწყებაში.

მათი ინფორმაციით, დერეფნის გამტარუნარიანობის ზრდისთვის, სარკინიგზო და საპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის ფარგლებში კურიკის პორტის აკვატორიის დაღრმავების სამუშაოები დასრულდა და მიმდინარე წელს ანალოგიური სამუშაოების ჩატარება იგეგმება აქთაუს პორტში. ასევე, კურიკის პორტში, საამიროების კომპანია Abu Dhabi Ports Group-თან ერთად, მიმდინარეობს 5 მლნ ტონის სიმძლავრის მრავალფუნქციური ტერმინალის, სარჟას მშენებლობა.

გარდა ამისა, ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, დასრულდა აქთაუს პორტში საკონტეინერო ჰაბის მშენებლობა და კურიკის პორტის №1 ნავმისადგომის ამწევი გადასასვლელი ხიდის მოდერნიზაცია. საქართველოს ფოთის პორტში ამოქმედდა ყაზახური ტერმინალი, რომლის სიმძლავრეა 120 ათასი TEU.

უწყებაში აცხადებენ, რომ დერეფნის განვითარებისთვის ფარგლებში ევროკავშირი გრანტს აქთაუს პორტში „№3 და №12 ნავმისადგომების რეკონსტრუქციის“ პროექტისთვის გრანტს გამოყოფს. თანხები გადამტვირთავი ტექნიკის, მათ შორის ქარისადმი მდგრადი STS-ამწეების შესაძენად მიიმართება, რათა არახელსაყრელი ამინდის პირობებში საზღვაო პორტების შეუფერხებელი მუშაობა იქნეს უზრუნველყოფილი.

„სავაჭრო ფლოტის განვითარების ფარგლებში, Baku Shipyard-ის გემთსაშენ ქარხანაში განთავსდა შეკვეთა ორ საკონტეინერო გემზე, რომელთა მშენებლობის დასრულება 2027 წელს იგეგმება. იმავე წელს იგეგმება კიდევ ექვსი უნივერსალური მშრალტვირთმზიდის მოწოდება.

სარკინიგზო სფეროში 2 ათას კილომეტრზე მეტი სიგრძის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია მიმდინარეობს. 2025 წელს დასრულდა პროექტები 911 კილომეტრზე, მათ შორის მეორე ლიანდაგების მშენებლობა დოსტიკი – მოინტის მონაკვეთზე (836 კმ) და ალმათის სადგურის შემოვლითი სარკინიგზო ხაზი (75 კმ), რომლებიც შუა დერეფნის ნაწილს წარმოადგენენ“, - აღნიშნულია ყაზახეთის ტრანსპორტის სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ შუა დერეფანი წარმოადგენს სატრანსპორტო სავაჭრო მარშრუტს, რომელიც რეგიონის არაერთ ქვეყანაზე გადის და აზიას ევროპასთან აკავშირებს. ის ტრადიციული ჩრდილოეთისა და სამხრეთის დერეფნების ალტერნატივას წარმოადგენს.

მარშრუტი იწყება ჩინეთში და გადის ცენტრალური აზიის ქვეყნებზე. შემდეგ ის კვეთს კასპიის ზღვას, აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს, რის შემდეგაც გადის ევროპაში. შუა დერეფანი არის სახმელეთო მარშრუტი, რომელიც გვერდს უვლის უფრო გრძელ საზღვაო გზებს და აზიის აღმოსავლეთ რაიონებს, მათ შორის ჩინეთს, ევროპასთან აკავშირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები