მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შუქრუთელები აქციას ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან გამართავენ

ჭორვილა

"ჯორჯიან მანგანეზისგან" კომპენსაციის მიღების მოთხოვნით, სოფელ შუქრუთის მოსახლეობის პროტესტი გრძელდება. მათი ნაწილი ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ მსვლელობის დასაწყებად ემზადება.

მიმდინარე წლის 13 მარტს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მოსახლეობამ მაღაროსთან კარავი გაშალა და ხანგრძლივი პროტესტი დაიწყო. ისინი „ჯორჯიან მანგანეზისგან" კომპენსაციას ითხოვენ, ვინაიდან მაღაროში მიმდინარე მიწისქვეშა სამუშაოების გამო მათ სახლებს დანგრევა ემუქრება.

როგორც BMG-ის აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, გიორგი ნაფერიძემ განუცხადა, სწორედ სოფელ ჭორვილაში, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის სახლთან გაკეთდება მიმართვა ბიძინა ივანიშვილის მიმართ. მისი განმარტებით, პროტესტის ამ ფორმის მიზანი ხელისუფლების ყურადღების მიქცევა და მათი არსებული გამოწვევების გადაჭრაში ჩართვაა.

"მშვიდობიანი მსვლელობა იქნება. თავისი მშობლიური სოფლიდან მივმართავთ ბიძინა ივანიშვილს, რომ დაგვიდგეს გვერდში, თავისივე მოყვანილ მთავრობას მიაწვდინოს ხმა. იმედია, ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლები ამ პროცესში ჩაერთვებიან და მივალთ კანონიერ შეთანხმებამდე, რასაც რამდენიმე წელია უშედეგოდ ვითხოვთ. კომპანიას მართავს სახელმწიფოს სპეციალური მმართველი და სამწუხაროდ, სახელმწიფო თავის წილ პასუხისმგებლობას ირიდებს და მხოლოდ კომპანიის პირისპირ გვიწევს დგომა. დღეს კონსტიტუციის დღეა და ჭიათურა ნათელი მაგალითია იმის, რომ თავზე გვახევენ კონსტიტუციას, გვართმევენ საკუთრების უფლებას, თითოეული ჩვენგანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ექმნება საფრთხე. იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოგვარდება",- განაცხადა გიორგი ნაფერიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები