მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შუქრუთელების პროტესტის იგნორირება, მაგალითია, როგორ "ზრუნავს" ხელისუფლება ადამიანებზე - ცქიტიშვილი

დიმიტრი ცქიტიშვილი

პარლამენტის ყოფილი წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი, რომელიც ამჟამად პარტია „საქართველოსთვის“ საარჩევნო სიის მესამე ნომერია, მიიჩნევს, რომ შუქრუთელების პროტესტის იგნორირება, მაგალითია, როგორ „ზრუნავს“ ხელისუფლება ადამიანებზე.

როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა, გუშინ, როცა სოლიდარობის ნიშნად პარლამენტის შენობის წინ მოშიმშილე შუქრუთელებთან მივიდა, პირველ რიგში, შიმშილობის შეწყვეტა სთხოვა.

„შეიძლება, მათ ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს“, - თქვა დიმიტრი ცქიტიშვილმა და ჯანდაცვის მინისტრს მოუწოდა, თავად თუ არ მივა პარლამენტის წინ მოშიმშილე მოქალაქეებთან, რომელიმე მოადგილე ან ექიმების ჯგუფი მაინც გაგზავნოს, ვინც ადგილზე იმორიგევებს.

„სახელმწიფო დაუყოვნებლივ უნდა ჩაერთოს ამ პროცესში, რათა ადამიანებმა შიმშილობა შეწყვიტონ. შემდეგ კი, დასხდნენ და ერთად განიხილონ 2021 წლის შეთანხმების პირობები და შეადგინონ გრაფიკი, როგორ დააკმაყოფილებენ შუქრუთელებს კომპენსაციით“, - აღნიშნა მან.

ყოფილ დეპუტატს მიაჩნია, რომ ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულება და პირადი პასუხისმგებლობაა ამ კრიზისში შუამავლობა.

„საქართველოს მთავრობას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ერთი მხრივ, სოფელ შუქრუთში სახეზეა ეკოლოგიური კატასტროფა, სადაც საცხოვრებელი სახლების ნაწილი დანგრეულია, ნაწილი კი - ავარიულ მდგომარეობაშია და საფრთხის შემცველია საცხოვრებლად. მეორე მხრივ კი, სულ უფრო მძიმდება მოშიმშილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა. „ჯორჯიან მანგანეზის” არგუმენტი, თითქოს პროტესტის მონაწილეებს კომპენსაცია უკვე მიღებული აქვთ, არ ასახავს სრულ სურათს და ესაა საკითხით მანიპულირება. როგორც არ უნდა ეცადოს საქართველოს მთავრობა და წარმოაჩინოს ეს პროტესტი, მხოლოდ მოსახლეობასა და კომპანიას შორის დავად, მოშიმშილეთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა სრულად საქართველოს მთავრობას ეკისრება“, - აცხადებს დიმიტრი ცქიტიშვილი.

„წერტილთან“ ინტერვიუში ყოფილმა პარლამენტარმა რამდენჯერმა გაიმეორა, რომ ახლა მთავარია „ხანძრის ჩაქრობა“ - ადამიანებმა უარი თქვან პროტესტის უკიდურეს ფორმაზე - შიმშილობაზე და შემდეგ უკვე შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა უნდა გაარკვიონ, რა შეთანხმება გაფორმდა 2021 წელს „ჯორჯიან მანგანეზსა“ და შუქრუთელებს შორის და რამდენად სამართლიანად დაითვალა და გაიცა კომპენსაციები.

„პრემიერ-მინისტრი რომ აცხადებს, ჯერჯერობით, კომპანიის საქმეა მოსახლეობასთან მოლაპარაკების წარმოებაო, 6 წელი თუ ვერ მოილაპარაკეს, ახლა მოილაპარაკებენ?! შუქრუთელების პროტესტი დღეს ხომ არ დაწყებულა?! ან კიდევ, როცა ამბობენ, წინასაარჩევნოდ გარკვეული ძალები ცდილობენ სოციალური თემებით ქულების დაწერასო, 200 დღეზე მეტია აქციები მიმდინარეობს - ჭიათურაში დაიწყო და ერთი თვეა თბილისში ჩამოვიდნენ, რადგან ისე ვერ მიიქციეს მთავრობის ყურადღება. სამწუხარო ისაა, რომ მხოლოდ არჩევნების წინ რეაგირებს ხელისუფლება მსგავს პროტესტზე, რათა მწვავე განვითარება არ მოჰყვეს“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

პოლიტიკოსს არ აქვს მოლოდინი, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება საკითხის სისტემურ მოგვარებას შეძლებს, რადგან ამის პოლიტიკური ნება არ არსებობს.

„ძირითადი პრობლემების საწყისია ის, რომ გაურკვეველი სქემებია, რაც დასაშლელია... არ შეიძლება, მსგავსი კლანური მმართველობა არსებობდეს რესურსებით მდიდარ საბადოებზე... „კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ და ხელისუფლების წარმომადგენლები განსხვავებული სიტყვებით, მაგრამ ერთი შინაარსის ტექსტებით საუბრობენ“, - აღნიშნა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ინფორმაციისთვის: ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლების პროტესტმა თბილისში 11 სექტემბრიდან გადმოინაცვლა. ისინი ღამეებს პარლამენტის შენობასთან ათენებენ. რამდენიმე მათგანი უკვე 32 დღეა, შიმშილობს.ისინი ცენტრალურ ხელისუფლებას პროცესში ჩართულობას სთხოვენ, რათა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა” 2019-2021 წლის პროტესტის შედეგად მიღწეული შეთანხმების შედეგად აღებული ვალდებულებები შეასრულოს. მათი ვერსიით, სოფელ შუქრუთის მოსახლეობასთან გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, კომპანიას წელიწადში 700 000 ლარიდან 1 000 000 ლარამდე უნდა გადაეხადა. თავის მხრივ „ჯორჯიან მანგანეზი“ აცხადებს, რომ უკვე სამჯერ მეტი კომპენსაცია აქვს გაცემული, რასაც პროტესტის მონაწილეები არ ადასტურებენ და ირწმუნებიან, რომ კომპენსაცია მოსახლეობის მაქსიმუმ 5%-ს აქვს მიღებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები