შუქრუთელები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შეხვედრას სთხოვენ. მათ დღეს, 19 სექტემბერს, მთავრობის კანცელარიაში ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის მოთხოვნით წერილი შეიტანეს. ამის შესახებ BM.GE-ს შუქრუთის მკვიდრი, გიორგი ნეფარიძემ განუცხადა.
ნეფარიძის თქმით, ამ დრომდე ჯერ არც პრემიერის და არც კომპანიის მხრიდან არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა.
"კომპანია არის კრიმინალი, ბანდიტი, მექრთამეებით დაკომპლექტებული, რომლებმაც მიწასთან გაასწორეს და ჩერნობილს დაამსგავსეს მთელი ჭიათურა. ამიტომ არის საჭირო, რომ პროცესებში ცენტრალური ხელისუფლება ჩაერთოს",- განაცხადა ნეფარიძემ.
რაც შეეხება შუქრუთელების წერილს, რომელიც მათ პრემიერს გაუგზავნეს, მასში აღნიშნულია, რომ პრემიერამდე მიკერძოებული ინფორმაცია მიდის და დაზარალებული ოჯახების აბსოლუტურ უმრავლესობას არანაირი ანაზღაურება არ მიუღია.
„ბატონო პრემიერ-მინისტრო, გვინდა, მოგახსენოთ, რომ თქვენ არასწორი, ცალმხრივი და მიკერძოებული ინფორმაცია მოგაწოდეს. პროტესტში მონაწილე დაზარალებული ოჯახების აბსოლუტურ უმრავლესობას კომპანიისგან 1 ლარიც არ მიუღია.
კომპანია მხოლოდ ილუზიას ქმნის, რომ თითქოს მოსახლეობას ესაუბრება და პრობლემის მოგვარებას ცდილობს. პირიქით, ცრუ და მანიპულაციური ინფორმაციის უხვად გავრცელებით, კომპანია ყველა ღონეს ხმარობს, რათა მოხდეს ჩვენი რეპუტაციის შელახვა.გთხოვთ, უახლოეს დღეებში, ვიდრე, მათ შორის მოშიმშილეებს საუბარი და გადაადგილება ჯერ კიდევ შეგვიძლია, შეძლოთ და შეგვხვდეთ, რათა მოკლედ მოგაწოდოთ ინფორმაცია და დოკუმენტურად დაგისაბუთოთ, რომ კომპანია გვანგრევს, ჩვენ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას საფრთხეში აგდებს და თავს არიდებს ზარალის სამართლიან შეფასებას და შესაბამის კომპენსაციების გაცემას“, – წერია განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, შუქრუთელები უკვე 190 დღეა უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ „ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობას. მე-19 დღეა რამდენიმე ადამიანი შიმშილობს. 5-ს კი პირი აქვს ამოკერილი.