მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შვებულებისას რწმუნებულების ადმინისტრაციებმა სამსახურებრივ მანქანებში 3 ტონა საწვავი ჩაასხეს - აუდიტი

საწვავი ბენზინი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებულმა 2021-2022 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტმა გამოავლინა საწვავის ხარჯებთან დაკავშირებული მთელი რიგი დარღვევები სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ადმინისტრაციებში არ არსებობს სამსახურებრივი ავტომობილების გამოყენების მკაფიო წესები და პრინციპები, რაც ზრდის საწვავის არამიზნობრივად და არაეფექტიანად გამოყენების რისკებს. უფრო მეტიც, აუდიტორებმა ვერ მოიპოვეს სათანადო დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა საწვავის ჩასხმის და ავტომობილების სამსახურებრივი მიზნებისთვის გამოყენების აუცილებლობას. ეს კი, თავის მხრივ, ქმნის სამსახურებრივი ავტომობილების პირადი მიზნებისთვის გამოყენების რისკს.

გარდა ამისა, აუდიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციები ანაზღაურებდნენ თანამშრომლების პირადი ავტომობილების საწვავის ხარჯებს სათანადო დასაბუთების გარეშე, რაც საბიუჯეტო სახსრების არამართლზომიერად გამოყენების რისკს შეიცავს.

"საწვავის ხარჯებთან დაკავშირებით ჩატარებული ანალიტიკური პროცედურების შედეგად გამოვლინდა, რომ მივლინების ბრძანების გარეშე, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების საზღვრებს გარეთ ჯამურად 80,824 ლარის ღირებულების, 30,564 ლიტრი საწვავია დახარჯული;

ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში მოხელეთა შვებულებაში გასვლის დროს მინდობილი ავტომანქანების დაწესებულებისთვის ჩაბარება არ ხდებოდა. შედეგად, შვებულების დროს, მინდობილ (გაპიროვნებულ) ავტომანქანებში 2021-2022 წლებში სულ ჩასხმულია 3,128 ლიტრი საწვავი, ღირებულებით − 8,526 ლარი;

აუდიტის პროცესში ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი ფორმალური დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა საწვავის ჩასხმისა და ავტომობილების სამსახურებრივი საჭიროებისათვის გამოყენების აუცილებლობას", - ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები