მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შვედეთი, დანია და ნორვეგია - სკანდინავიის ქვეყნებში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

სკანდინავიის ქვეყნები

ევროპის ბაზრებიდან საქართველოში მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადების ზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სკანდინავიის ქვეყნებში მარკეტინგულ კამპანიას ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას GNTA ავრცელებს.

კამპანიის ფარგლებში, შვედეთში, დანიასა და ნორვეგიაში გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობა ქართული ტურისტული სექტორის წარმომადგენლებმაც მიიღეს.

უწყების განმარტებით, სტოკჰოლმში, კოპენჰაგენსა და ოსლოში საქართველოს ტურისტული პოტენციალის პრეზენტაციები გაიმართა, სადაც უცხოელ პარტნიორებს ქვეყანათაშორისი თანამშრომლობის შესაძლებლობები წარედგინათ. B2B ფორმატის შეხვედრებზე ქართული ტურისტული კომპანიები ადგილობრივ ტურისტულ სააგენტოებს შეხვდნენ. მოლაპარაკებებზე განიხილეს საკითხები, რომლებიც სკანდინავიური ტურისტული ჯგუფების საქართველოში ჩამოყვანასა და ერთობლივი ტურების ორგანიზებას ეხებოდა.

პარალელურად, პრეზენტაციებს სკანდინავიური მედიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ნორვეგიული და შვედური სამოგზაურო გამოცემები საქართველოს შესახებ სპეციალურ მასალებს გამოაქვეყნებენ, რაც სკანდინავიურ ბაზარზე ქვეყნის ცნობადობის ზრდას და ტურისტული იმიჯის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

ცნობისთვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის მესამე კვარტალში, ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების მხრიდან საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა უმეტესად შემცირებულია, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ზრდა დაფიქსირდა მხოლოდ შვედეთის მიმართულებით.უფრო კონკრეტულად, 2025 წლის 9 თვეში შვედეთიდან საქართველოში 5,703 ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2024 წელთან შედარებით 0.1%-იან გაზრდილი მაჩვენებელია. მიუხედავად იმისა, რომ ზრდა მინიმალურია, შვედეთი ერთადერთი ქვეყანაა აღნიშნული სამეულიდან, სადაც დადებითი დინამიკა ფიქსირდება. დანიიდან 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანაში 3,856 ვიზიტორი შემოვიდა, მაშინ როცა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში მაჩვენებელი 4,960 იყო. კლების 22.3%-ია. ვიზიტების სტატისტიკა შემცირებულია ნორვეგიიდანაც. 2025 წელს ქვეყანაში 3,652 ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2024 წლის 3,999 ვიზიტთან შედარებით 8.7%-ით ნაკლებია.

რაც შეეხება წლიურ სტატისტიკას, 2024 წელს საქართველომ ჩრდილოეთ ევროპიდან ტურისტული ნაკადის მნიშვნელოვანი მატება ფიქსირდებოდა. 2024 წელს, შვედეთიდან 7,344 მოგზაური შემოვიდა, რაც 2023 წლის 5,566 ვიზიტორთან შედარებით 31.9%-ით მეტია. დანიიდან ვიზიტორთა რაოდენობა 2024 წელს 6,211-მდე გაიზარდა, რაც 2023 წლის 4,202 ვიზიტორთან შედარებით 47.8%-იან ზრდას ნიშნავს. ნორვეგიიდან საქართველოში 2024 წელს 5,110 ტურისტი შემოვიდა. 2023 წლის 4,490-თან შედარებით ეს 13.8%-იან მატებას წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები