შვედეთის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამომცემლობა Sweden Herald-ი ავრცელებს.
შვედეთის განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრის, ბენჯამინ დოუსას განცხადებით, საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია. მისი თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლები იუწყებიან საარჩევნო პროცესში არსებულ დარღვევებზე, რაც კიდევ უფრო ამყარებს ამ აზრს.
„მცდელობები, შეუშალონ ხელი ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებას, შეასრულოს თავისი როლი – მათ შორის, შემზღუდავი კანონმდებლობის საშუალებით, ეწინააღმდეგება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. შესაბამისად, მთავრობა აპაუზებს შვედურ-ქართულ თანამშრომლობას, მათ შორის საქართველოს საგადასახადო ორგანოსთან“, – ამბობს მინისტრი.
მისი თქმით, თანამშრომლობა მომავალში შეიძლება აღდგეს, თუ საქართველო კვლავ დაუახლოვდება ევროკავშირს.
სტოკჰოლმის ცნობით, საქართველოსთვის, წელიწადში დაახლოებით 200 მილიონი კრონი იყო გამოყოფილი, მათ შორის წელს 25 მილიონი ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებისთვის არის გამოყოფილი.
Sweden Herald-ის ცნობით, 26 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პრორუსული მმართველი პარტია "ქართული ოცნება" გახდა, რაც დიდ კითხვის ნიშანს აჩენს ოპოზიციასა და საერთაშორისო დამკვირვებლებს შორის.