მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შვედეთის NATO-ს წევრობა მადრიდის შეთანხმებას უკავშირდება - სტოლტენბერგის პასუხი ერდოღანს

64ac11b7cc3ca
მარიამ ვარადაშვილი
10.07.23 18:30
679
დღეს თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა გზა უნდა გაუხსნას ბლოკში თურქეთის შესვლას მანამ, სანამ ისინი NATO-ში შვედეთის გაწევრიანებას დათანხმდებიან.

“მოვუწოდებ იმ ქვეყნებს, რომლებიც თურქეთს ევროკავშირის კართან 50 წელზე მეტია ალოდინებენ, ჯერ გაუხსენით გზა თურქეთს ევროკავშირისკენ და ჩვენ გავუხსნით კარს შვედეთს, ისევე როგორც ეს ფინეთთან მიმართებით გავაკეთეთ”, - განაცხადა ერდოღანმა და დასძინა, რომ იგივეს გაიმეორებს ვილნიუსში NATO-ს სამიტზე.

ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ამ განცხადებას ვილნიუსის სამიტის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა, რომელიც ლიეტუვის პრეზიდენტთან ერთად გამართა. სტოლტენბერგი აცხადებს, რომ თურქეთის ევროკავშირის გაწევრიანების ამბიციას მხარს უჭერს, თუმცა დასძენს, რომ შვედეთი ასრულებს გასულ წელს მადრიდში დადებული ხელშეკრულების პირობებს, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ქვეყანა NATO-ს წევრი გახდეს. მადრიდში მიღწეული შეთანხმების თანახმად, ფინეთი და შვედეთი მხარს დაუჭერენ თურქეთს მისი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არსებული საფრთხეების წინაშე ბრძოლაში. მათ შორის მხარს არ დაუჭერენ ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციას, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული.

“მხარს ვუჭერ თურქეთის ამბიციას გახდეს ევროკავშირის წევრი. ამავე დროს უნდა გვახსოვდეს რაზეც მადრიდში შევთანხმდით. ეს იყო სპეციალური მოთხოვნების ჩამონათვალი, რაც შვედეთმა უნდა შეასრულოს იმისთვის, რომ ალიანსის სრულფასოვანი წევრი გახდეს და ის აკმაყოფილებს ამ პირობებს. ეს ეხება იარაღის ექსპორტზე შეზღუდვების მოხსნას, ასევე თანამშრომლობის გაძლიერებას თურქეთთან, ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში. ამასთანავე შვედეთმა კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანა კონტრტერორისტულ კანონმდებლობის გაძლიერების მიმართულებით”,-აცხადებს ის.

მისივე თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა იმისთვის, რომ შვედეთი ალიანსის წევრი რაც შეიძლება მალე გახდეს, რადგან ამით ძლიერდება NATO.

“დღეს ველი პრეზიდენტ ერდოღანთან შეხვედრას და ჯერ კიდევ შესაძლებელია პოზიტიური გადაწყვეტილება იყოს შვედეთის წევრობასთან დაკავშირებით. ჩვენ ამ საკითხში დარწმუნებულები არ ვართ და არც გარანტიები გვაქვს, თუმცა ახლა არის მომენტი იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ამ საკითხზე რაც შეიძლება მეტი პროგრესი",-ამბობს ალიანსის გენერალური მდივანი.

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ასევე განაცხადა, რომ თურქეთს ჰქონდა კონკრეტული მოთხოვნები შვედეთის მიმართ და მნიშვნელოვანია, როცა ეს მოთხოვნები შესრულდება, ახალი მოთხოვნა არ დაემატოს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანება გადაწყვიტეს. ორივე ქვეყანა ახლა მიიჩნევს, რომ კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციაში გაერთიანებით მათი უსაფრთხოება იქნება უზრუნველყოფილი. ალიანსის ახალი წევრის მიღებას NATO-ს 30-ვე წევრმა უნდა დაუჭიროს მხარი და დაამტკიცოს შესაბამისი დოკუმენტები ეროვნულ დონეზე. შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას ანკარა მხარს არ უჭერს. შვედეთი თურქეთს ადამიანის უფლებების დარღვევისა და დემოკრატიული სტანდარტების გამო აკრიტიკებს, რაც თურქეთისთვის მიუღებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები