პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის ინაუგურაციისა და ახალი მთავრობის წარდგენის ფონზე, თურქეთის ეროვნული ვალუტა რეკორდულ ნიშნულამდე გაუფასურდა.
ერთი ამერიკული დოლარის გაცვლითმა 22 ლირას მიაღწია, რაც გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმია. ერთწლიან პერიოდში თურქული ვალუტა თითქმის 23%-ითაა გაუფასურებული, ხუთ წელიწადში კი ვარდნის მაჩვენებელი 78%-ს აღწევს.
მსოფლიოს უმსხვილეს ეკონომიკებს შორის თურქულ ლირას ყველაზე ცუდი შედეგი აქვს, რაც რიგი ფაქტორებითაა განპირობებული. პირველ რიგში, უკანასკნელ პერიოდში ლირის გაუფასურება პირდაპირ კავშირშია საპრეზიდენტო არჩევნებში რეჯეპ ტაიპ ერდოღანის გამარჯვებასთან.
აღსანიშნავია, რომ ლირამ განსაკუთრებით მკვეთრი გაუფასურება ახალი მინისტრთა კაბინეტის წარდგენის შემდეგ დაიწყო. ერდოღანის გადაწყვეტილებით, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ჰაკინ ფიდანი დაინიშნა. ის 2010 წლიდან დღემდე თურქეთის ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი იყო.
ფინანსთა მინისტრის პოსტი მეჰმეთ სიმეკმა დაიკავა. იგი 2009-2015 წლებში ფინანსთა მინისტრისა და ვიცე-პრემიერის პოსტს იკავებდა. ამასთანავე, იასარ გულერმა დაიკავა თავდაცვის მინისტრის პოსტი, ალი იერლიკაიამ კი - შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი.
პრეზიდენტად ისევ ერდოღანის არჩევას ინვესტორები დადებით მოვლენად ნამდვილად არ აფასებენ, რადგან მას ავტოკრატიის მიმართ აშკარა მიდრეკილებები და პოპულისტური გადაწყვეტილებები ახასიათებს, ეს კი ქვეყნის გრძელვადიან პერსპექტივაზე პოზიტიურ გავლენას არ ახდენს. ბოლო პერიოდში ერდოღანის მიერ მიღებული ფაქტობრივად ყველა ეკონომიკური გადაწყვეტილება ქვეყანაში ფასების ზრდას უწყობს ხელს, სწორედ ამიტომაც ამჟამად თურქეთში ინფლაციის დონე 40%-ის ფარგლებშია.
ექსპერტების შეფასებით, ოფიციალური მონაცემები ნამდვილ სურათს ვერ აღწერს და 2019 წელთან შედარებით რეალური ინფლაციის დონე 200%-ს აღწევს, რაც მსოფლიოს მასშტაბით დაფიქსირებული ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგია. ინფლაციური თვალსაზრისით თურქეთზე უარესი მდგომარეობა მხოლოდ ვენესუელაში, ზიმბაბვეში, სუდანსა და არგენტინაშია.
სამომხმარებლო ფასების რეკორდული ზრდა, თავის მხრივ, თურქეთის ცენტრალური ბანკის არატრადიციული მონეტარული პოლიტიკით არის განპირობებული, რომელსაც უშუალოდ განსაზღვრავს პრეზიდენტი ერდოღანი. ის მოითხოვს, რომ ინფლაციის ზრდის მიუხედავად, საპროცენტო განაკვეთები შემცირდეს, რაც სრულ წინააღმდეგობაშია ტრადიციულ ეკონომიკურ თეორიასთან.
40%-იანი ოფიციალური ინფლაციის მიუხედავად, თურქეთში რეფინანსირების განაკვეთი 8.5%-ს შეადგენს, რაც უპრეცედენტო სხვაობაა, რომლის მსგავსიც მსოფლიოში ფაქტობრივად არსად ფიქსირდება.
აღსანიშნავია, რომ თავად ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა, შაჰაპ კავჩიოღლუმ საჯაროდ აღიარა, რომ ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ცენტრალური ბანკი წარმატებული ვერ აღმოჩნდა. კავჩიოღლუს განცხადება წინააღმდეგობაშია ერდოღანის რიტორიკასთან, რომელიც აქტიურად ამტკიცებს, რომ ინფლაცია კონტროლს ექვემდებარება და ის მოსახლეობისათვის პრობლემას არ წარმოადგენს. ერდოღანის განცხადებით, მთავრობის პრიორიტეტი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაა, რასაც შემსუბუქებული მონეტარული პოლიტიკა კიდევ უფრო მეტად წაახალისებს.
ცნობისთვის, ერდოღანის არატრადიციულ ეკონომიკურ ხედვებთან წინააღმდეგობაში ყოფნის გამო, თანამდებობის დატოვება მოუწია თურქეთის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტ ნაჯი აგბალს, რომელიც ინფლაციის შესაკავებლად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას მოითხოვდა. ერდოღანმა აგრეთვე თანამდებობიდან გადააყენა ქვეყნის ფინანსთა მინისტრი ლუთფი ელვანიც, რომელიც, ასევე, არ იზიარებდა მის მაკროეკონომიკურ შეხედულებებს.
თურქეთის წინაშე არსებული გამოწვევები მხოლოდ ეროვნული ვალუტის რეკორდულად გაუფასურებით არ შემოიფარგლება. მეორე დიდი პრობლემა, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას, კაპიტალის გადინებაა. გასულ თვეს საერთაშორისო ინვესტორებმა 50 მილიონი დოლარის ღირებულების თურქული ობლიგაციები გაყიდეს; საფონდო ბირჟაზე კი 200 მილიონი დოლარის მოცულობის თურქული კომპანიების აქციები გაასხვისეს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ინვესტორები თურქეთთან ურთიერთობის გაწყვეტას აქტიურად ცდილობენ. გარდა ამისა, სავალუტო რეზერვების მოცულობა 2.3 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, რაც 20-წლიანი მინიმუმია. თავად ეს მოვლენა იმაზე მიუთითებს, რომ თურქეთის მოსახლეობა ლირას თავიდან იშორებს და თანხას უცხოურ ვალუტაში აბანდებს, ეს კი, თავის მხრივ, ეროვნული ვალუტის გაუფასურებას უწყობს ხელს.