მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთის ცენტრალურ ბანკს ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს

თურქეთის ცენტრალური ბანკი
BM.GE
31.07.23 20:45
24

თურქეთის ეროვნული ბანკის მენეჯმენტში მნიშვნელოვანი ცვლილებებია - ცენტრალურ მარეგულირებელ ორგანოს ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს, რომელიც დასავლური განათლების მქონე ეკონომისტებითაა დაკომპლექტებული.

პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის გადაწყვეტილებით, სწორედ დღეს ცენტრალურ ბანკში სამი ახალი ვიცე-პრეზიდენტი დაინიშნა. სამივე მათგანის მოღვაწეობა ამერიკის შეერთებულ შტატებთანაა დაკავშირებული.

დავიწყოთ ფატიჰ კარაჰანით, რომელიც პენსილვანიის უნივერსიტეტის დოქტორია. ის წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურ რეზერვში მუშაობდა. ბოლო დროს კი ის Amazon-ში მთავარი ეკონომისტის პოზიციას იკავებდა.

ოსმან აკჩაის ეკონომიკის დოქტორის ხარისხი ნიუ-იორკ სიტის უნივერსიტეტში აქვს მიღებული და ის წლების განმავლობაში არაერთ საერთაშორისო ბანკში მუშაობდა.

ცენტრალური ბანკის მესამე ვიცე-პრეზიდენტი კი ჰატის კარაჰანია, რომელმაც დოქტორის წოდება აგრეთვე ნიუ-იორკში, კერძოდ, სირაკიუსის უნივერსიტეტში მიიღო. ის ცნობილი აკადემიკოსი და ერდოღანის მთავარი ეკონომიკური მრჩეველია.

გარდა ამისა, ორი თვის წინ, ერდოღანმა თურქეთის ცენტრალური ბანკის ახალ ხელმძღვანელად ჰაფიზ ერკანი დანიშნა, რომელიც ეროვნული ბანკის პირველი ქალი პრეზიდენტია. ერკანს განათლება პრინსტონის უნივერსიტეტში აქვს მიღებული და ის საქმიანობას ძირითადად უოლ-სტრიტზე ეწეოდა.

ექსპერტების შეფასებით, ერდოღანის გადაწყვეტილება იმაზე მიუთითებს, რომ მას ქვეყანაში არატრადიციული მაკროეკონომიკური პოლიტიკის დასრულდება და ტრადიციულ ეკონომიკაზე გადართვა სურს.

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის შეცვლის გარდა, ერდოღანმა ქვეყნის ფინანსთა მინისტრიც შეცვალა. ამ პოზიციაზე ცნობილი ეკონომისტი, მეჰმეთ შიმშეკი დაინიშნა, რომელიც 2009-დან 2015 წლამდე ფინანსთა მინისტრი იყო, 2015-დან 2018 წლამდე კი - თურქეთის ვიცე-პრემიერი. 56 წლის შიმშეკი გლობალური ინვესტორებისათვის კარგად ცნობილი პიროვნებაა, რომელსაც სიმკაცრე და სტაბილურობა გამოარჩევს.

შიმშეკთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ის კლასიკური ეკონომიკური სკოლის მიმდევარია და არც „ერდოღანიზმის“ თეორიის, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტი უკვე წლებია ახორციელებს. შიმშეკის აზრით, ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა და ინფლაციის დონის გაკონტროლება ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანაა, ამ მიზნის მისაღწევად კი ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა უნდა გამოიყენოს.

ქვეყნის საბანკო-საფინანსო სისტემის სათავეში ზემოხსენებული პიროვნებების დანიშვნა ინვესტორებისთვის იმის მაუწყებელია, რომ შესაძლოა თურქეთი ტრადიციულ ეკონომიკურ წყობას დაუბრუნდეს და ერდოღანმა თავისი ექსპერიმენტი საბოლოოდ დაასრულოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები