მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მშპ, ინფლაცია, უმუშევრობა, ვალუტა და მონეტარული პოლიტიკა - რა მდგომარეობაშია თურქეთის ეკონომიკა?

თურქეთი

მეზობელი თურქეთის მასშტაბით რთული ეკონომიკური მდგომარეობა ისევ გრძელდება. ცენტრალური ბანკის რესტრუქტურიზაციისა და მთავრობის ეკონომიკური გუნდის განახლების მიუხედავად, ქვეყანაში სამომხმარებლო ფასები ისევ იზრდება, ეროვნული ვალუტა კი გაუფასურებას განაგრძობს.

ინფლაცია

აგვისტოს მდგომარეობით, თურქეთში წლიური ინფლაციის დონე 58.9%-ს შეადგენს, რაც გასული წლის დეკემბრის შემდეგ დაფიქსირებული უმაღლესი მაჩვენებელია. წინა თვესთან შედარებით, სამომხმარებლო ფასები ქვეყანაში 9.1%-ითაა გაზრდილი. დამოუკიდებელი ექსპერტებს შეფასებით, რეალური ინფლაციის დონე თურქეთში ამჟამად 128%-ს შეადგენს, ნაცვლად სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოთვლილი 58.9%-ისა.

მონეტარული პოლიტიკა

მაღალი ინფლაციის დასაძლევად, ქვეყნის ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებს. ივნისიდან დღემდე რეფინანსირების განაკვეთი ქვეყანაში 8.5%-დან 25%-მდე გაიზარდა, რაც საკმაოდ მკვეთრი ინტერვენციაა, თუმცა ის საკმარისი ვერ აღმოჩნდა ინფლაციური წნეხის დასაძლევად.

ეროვნული ვალუტა

ერთწლიან პერიოდში თურქული ლირა 32%-ითაა გაუფასურებული, რაც მსოფლიოს უმსხვილეს ეკონომიკებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგია. ამჟამად ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 27 ლირას აღწევს, იანვარში კი ეს მაჩვენებელი 18 ლირა იყო.

უმუშევრობა

თურქეთის მასშტაბით უმუშევრობის დონე 9.6%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში დაახლოებით 3.5 მილიონი მოქალაქეა სამსახურის გარეშე დარჩენილი.

მშპ-ის ზრდა

ეკონომიკური ზრდა 2022 წელს თურქეთის ეკონომიკა 5.5%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში კი მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ წლიურად 3.8% შეადგინა. სავარაუდოდ, წლის ბოლომდე ეკონომიკური ზრდის დონე მოსალოდნელზე დაბალი იქნება, რასაც მაღალი ინფლაცია, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა და დამანგრეველი მიწისძვრა განაპირობებს, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკას დაახლოებით $100-მილიარდიანი ზარალი მიაყენა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები