მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქული ლირა რეკორდულად გაუფასურდა - მიზეზები

646caee0871ea
გიორგი თოლორდავა
23.05.23 16:53
13787
თურქეთში ეკონომიკური ვითარება მწვავდება, დღეს ეროვნული ვალუტა ისტორიულ ნიშნულამდე გაუფასურდა და ერთი ამერიკული დოლარის გაცვლითმა კურსმა 20 ლირას მიაღწია. ერთწლიან პერიოდში თურქული ვალუტა თითქმის 20%-ითაა გაუფასურებული, ხუთ წელიწადში კი ვარდნის მაჩვენებელი 76%-ს აღწევს.

მსოფლიოს უმსხვილეს ეკონომიკებს შორის თურქული ლირას ყველაზე ცუდი შედეგი აქვს, რაც რიგი ფაქტორებითაა განპირობებული. პირველ რიგში, უკანასკნელ პერიოდში ლირის გაუფასურება პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებთან, რომელშიც, სავარაუდოდ, ისევ რეჯეპ ტაიპ ერდოღანი გაიმარჯვებს და ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს თითქმის 30 წლამდე გაიხანგრძლივებს.

არჩევნების პირველ ტურში მესამე ადგილზე გასულმა კანდიდატმა, სინან ოღანმა საკუთარ მხარდამჭერებს მოუწოდა, მეორე ტურში ხმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანს მისცენ. ცნობისთვის გეტყვით, რომ ოღანმა პირველ ტურში ხმების 5.17% მიიღო, ამ უპირატესობის ერდოღანისთვის გადაცემა კი ფაქტობრივად უზრუნველყოფს არჩევნებში მის გამარჯვებას, ეს კი სწორედ ის სიახლეა, რომელიც მიმდინარე კვირის დასაწყისში ტრეიდერებმა ასე ნეგატიურად მიიღეს.

პრეზიდენტად ისევ ერდოღანის არჩევას ინვესტორები დადებით მოვლენად ნამდვილად არ აფასებენ, რადგან მას ავტოკრატიის მიმართ აშკარა მიდრეკილებები და პოპულისტური გადაწყვეტილებები ახასიათებს, ეს კი ქვეყნის გრძელვადიან პერსპექტივაზე პოზიტიურ გავლენას არ ახდენს. ბოლო პერიოდში ერდოღანის მიერ მიღებული ფაქტობრივად ყველა ეკონომიკური გადაწყვეტილება ქვეყანაში ფასების ზრდას უწყობს ხელს, სწორედ ამიტომაც ამჟამად თურქეთში ინფლაციის დონე 40%-ის ფარგლებშია.

ექსპერტების შეფასებით, ოფიციალური მონაცემები ნამდვილ სურათს ვერ აღწერს და 2019 წელთან შედარებით რეალური ინფლაციის დონე 200%-ს აღწევს, რაც მსოფლიოს მასშტაბით დაფიქსირებული ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგია. ინფლაციური თვალსაზრისით თურქეთზე უარესი მდგომარეობა მხოლოდ ვენესუელაში, ზიმბაბვეში, სუდანსა და არგენტინაშია.

სამომხმარებლო ფასების რეკორდული ზრდა, თავის მხრივ, თურქეთის ცენტრალური ბანკის არატრადიციული მონეტარული პოლიტიკით არის განპირობებული, რომელსაც უშუალოდ განსაზღვრავს პრეზიდენტი ერდოღანი. ის მოითხოვს, რომ ინფლაციის ზრდის მიუხედავად, საპროცენტო განაკვეთები შემცირდეს, რაც სრულ წინააღმდეგობაშია ტრადიციულ ეკონომიკურ თეორიასთან.

40%-იანი ოფიციალური ინფლაციის მიუხედავად, თურქეთში რეფინანსირების განაკვეთი 8.5%-ს შეადგენს, რაც უპრეცედენტო სხვაობაა, რომლის მსგავსიც მსოფლიოში ფაქტობრივად არსად ფიქსირდება.

აღსანიშნავია, რომ თავად ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა, შაჰაპ კავჩიოღლუმ საჯაროდ აღიარა, რომ ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ცენტრალური ბანკი წარმატებული ვერ აღმოჩნდა. კავჩიოღლუს განცხადება წინააღმდეგობაშია ერდოღანის რიტორიკასთან, რომელიც აქტიურად ამტკიცებს, რომ ინფლაცია კონტროლს ექვემდებარება და ის მოსახლეობისათვის პრობლემას არ წარმოადგენს. ერდოღანის განცხადებით, მთავრობის პრიორიტეტი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაა, რასაც შემსუბუქებული მონეტარული პოლიტიკა კიდევ უფრო მეტად წაახალისებს.

აღსანიშნავია, რომ ერდოღანის არატრადიციულ ეკონომიკურ ხედვებთან წინააღმდეგობაში ყოფნის გამო, თანამდებობის დატოვება მოუწია თურქეთის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტ ნაჯი აგბალს, რომელიც ინფლაციის შესაკავებლად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას მოითხოვდა. ერდოღანმა აგრეთვე თანამდებობიდან გადააყენა ქვეყნის ფინანსთა მინისტრი ლუთფი ელვანიც, რომელიც, ასევე, არ იზიარებდა მის მაკროეკონომიკურ შეხედულებებს.

თურქეთის წინაშე არსებული გამოწვევები მხოლოდ ეროვნული ვალუტის რეკორდულად გაუფასურებით არ შემოიფარგლება. მეორე დიდი პრობლემა, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას, კაპიტალის გადინებაა. გასულ კვირას საერთაშორისო ინვესტორებმა 31 მილიონი დოლარის ღირებულების თურქული ობლიგაციები გაყიდეს; საფონდო ბირჟაზე კი 135 მილიონი დოლარის მოცულობის თურქული კომპანიების აქციები გაასხვისეს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ინვესტორები თურქეთთან ურთიერთობის გაწყვეტას აქტიურად ცდილობენ.

გარდა ამისა, სავალუტო რეზერვების მოცულობა 2.3 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, რაც 20-წლიანი მინიმუმია. თავად ეს მოვლენა იმაზე მიუთითებს, რომ თურქეთის მოსახლეობა ლირას თავიდან იშორებს და თანხას უცხოურ ვალუტაში აბანდებს, ეს კი, თავის მხრივ, ეროვნული ვალუტის გაუფასურებას უწყობს ხელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები