მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შვეიცარიის ზამთრის კურორტები უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურის გამო ზარალდებიან

63b8012a82e9f
თათია კაკიაშვილი
08.01.23 00:10
1224
ბოლო რამდენიმე კვირაა, შვეიცარიის სამთო კურორტებზე ტემპერატურა სტაბილურად 20 გრადუს ცელსიუსზე ოდნავ მაღალია. სწორედ ეს რიცხვი ქმნის პრობლემას - შვეიცარიას გლობალურ საშუალო ტემპზე უფრო სწრაფად ეხება კლიმატური ცვლილებები, რის გამოც ტურისტულად მიმზიდველი კურორტები თოვლის გარეშე რჩება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

შვეიცარიის მეტეოროლოგიური სამსახურის თანახმად, 2022 წელი ყველაზე თბილი იყო მას შემდეგ, რაც ქვეყანამ 1864 წელს ტემპერატურული ჩანაწერების შენახვა დაიწყო. აქ მთებს ე.წ. სითბოს დაჭერის ეფექტი აქვს, რაც დიდ გავლენას ახდენს ყველა იმ ბიზნესზე, რომელიც ტურიზმის საარსებო წყაროდ შეიქმნა, მათ შორის საბაგიროებზე, კაფე-ბარებსა და სხვა ობიექტებზე.

შვეიცარიის სამთო კურორტებზე წელს თბილი ამინდების გამო ტურისტული აქტივობა 35-40%-ით შემცირებულია. დამსვენებლების შესანარჩუნებლად ახლა სათხილამურო კურორტები მთელი ქვეყნის მასშტაბით იბრძვიან და მათ სხვადასხვა დასასვენებელ აქტივობას სთავაზობენ. მათთვის, ვინც არასაკმარისი თოვლის გამო თხილამურებით სრიალს ვერ ახერხებს, ალტერნატივა - საველოსიპედე ბილიკებია. თუმცა, პრობლემებთან გამკლავებას ყველა ბიზნესი ვერ ახერხებს. ერთ-ერთი ასეთი რესტორნების ქსელია, სადაც მომხმარებელთა დეფიციტის გამო, დამსაქმებლებს მიმტანების სამსახურიდან გათავისუფლება უწევთ.

ბოლოდროინდელი სატელიტური სურათები აჩვენებს, რომ შვეიცარიის, საფრანგეთისა და ავსტრიის სათხილამურო კურორტებზე შარშანდელთან შედარებით გაცილებით ნაკლები თოვლია, რაც ზამთრის რეკორდულად მაღალმა ტემპერატურამ გამოიწვია.