მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შვეიცარიულ სკოლაში სწავლა $15 000 ჯდება, მაგრამ სტუდენტი მხოლოდ 8%-ს იხდის - „კავკასია“

619d10c52018e
მარიამ იზორია
23.11.21 22:00
2248
დმანისში 13 მლნ ლარის ინვესტიციით შვეიცარიულ აგრარული სკოლა „კავკასია“ ამოქმედდა და პირველი სტუდენტებიც უკვე მიიღო. ამის შესახებ სკოლის დირექტორმა თინათინ მახარაძემ გადაცემა „ქალების ნარატივში“ განაცხადა.

მისივე თქმით, სწავლის წლიური საფასური 4 000 ლარია, რომელიც საერთო საცხოვრებელს, სამჯერად კვებას, სასწავლო მასალებს და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამა „ფერმერის“ არჩევის შემთხვევაში, აგრომექანიზაციაში, რძის გადამუშავებასა და ბიომეურნეობაში შვეიცარიელი სპეციალისტების მიერ შემუშავებულ დამატებით სასერტიფიკატო კურსს მოიცავს.

სკოლაში სასწავლო კურსი 2 წელი გრძელდება და სამომავლოდ კურსდამთავრებულებს დამატებით 1-წლიან სწავლებასაც შესთავაზებენ, რომლის ფარგლებშიც ფერმერები, უშუალოდ ფერმის მართვას შეისწავლიან.

შვეიცარიულ აგრარულ სკოლაში სადემონსტარციო ნაკვეთების მოწყობაც იგეგმება, გარდა სასწავლო ფუნქციისა, ადგილზე 4 სახეობის დამწიფებულ მთის ყველსაც აწარმოებენ, სამომავლოდ კი, წარმოების გაფართოება და სხვა რძის პროდუქტების წარმოებაც განიხილება.

„ძირითადად, სკოლაში ადგილობრივი დმანისელი სტუდენტები გვყავს, თუმცა მომართვიანობა სხვა კუთხეებიდანაც არის, მაღალი ინტერესის გამო სამომავლოდ მოკლევადიანი კურსის დამატებასაც ვაპირებთ. ამ დროისთვის „კავკასიას“ ორი ძირითადი სასწავლო პროგრამა აქვს, ესენია: „ფერმერი“ რომელშიც მეცხოველეობისა და მემცენარეობის მიმართულებების სრული შესწავლა მოიაზრება და რძის პროდუქტების წარმოება, რომელიც რძის გადამუშავებას, პროდუქციის შექმნას, ლაბორატორიულ კვლევებს, გაყიდვას, სრული ციკლის შესწავლას გულისხმობს.

რაც შეეხება სწავლის ღირებულებას, ერთი სტუდენტის გადამზადება საშუალოდ $15 000 ჯდება, თუმცა ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ საქართველოში ამ თანხის გადახდა სტუდენტისთვის რთულია, სწორედ ამიტომ ის მხოლოდ 8%-ს იხდის, დანარჩენი დონორების მიერ ფინანსდება“, - განმარტავს თინათინ მახარაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები