გუდაური მიმდინარე ზამთრის სეზონს პოზიტიური მოლოდინებით ხვდება. სასტუმრო Best Western Gudauri-ს მფლობელი გიორგი კვიწინაშვილი აცხადებს, რომ აქტიურობა უკვე ჩანს, შვეიცარიიდან, პოლონეთიდან და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან. კვიწინაშვილი მათი დაინტერესების მიზეზსაც ხსნის და ამბობს, რომ ევროპასთან შედარებით გუდაურში ბიუჯეტური ფასებია.
“კურორტი მზად არის ზამთრის ტურისტული სეზონისთვის. ძალიან ბევრი საწოლია წარმოდგენილი, ამიტომაც მგონია ნებისმიერი მოთხოვნის დაკმაყოფილებას მოვახერხებთ. ძალიან გააქტიურებულია ონლაინ ჯავშნები, თოვლი მოვიდა და უკვე ყველამ იცის, რომ საბაგიროების გაიხსნისთანავე ყველა ტრასაზე შეძლებენ სრიალს. ამის მეორე მიზეზია ის, რომ ძალიან გაძვირდა ევროპული კურორტები, ვისთანაც შეიძლება ჩვენ შევდიოდეთ კონკურენციაში.
აქტიურია ჯავშნები შვეიცარიიდან, პოლონეთიდან და ბალტიისპირეთიდან. ისრაელი დიდი ბაზარი იყო გუდაურისთვის, მით უფრო პანდემიის პერიოდში როცა ევროპა თავს იკავებდა. ისინი უმეტესად რჩებოდნენ სასტუმროებში და სარგებლობდნენ რესტორნების მომსახურებით ამიტომ ჰორეკა სექტორი შეიძლება ითქვას მივტირით ებრაულ ტურიზმს. დღეში 2000-მდე ისრაელიდან ჩამოსულს სტუმარს ეძინა და ეს აისახებოდა სასტუმროებზე.
მთავარი აქცენტი მარკეტინგული თვალსაზრისითაც ვფიქრობ, რომ უნდა გაკეთდეს აღმოსავლეთ ევროპაზე, პოლონეთი და ბალტიისპირეთი. გააქტიურებულია ტაილანდი და ჩემი აზრით ღირს აზიის ბაზარზე მუშაობა, “ - განაცხადა კვიწინაშვილმა.
Best Western Gudauri-ში ფიქრობენ, რომ პირდაპირი რეისების დანიშვნის გამო მიმდინარე სეზონზე გაიზრდება მხარჯველუნარიანი რუსი ტურისტების წილიც.
„გააქტიურებულია რუსეთის ბაზარი, გუდაური ყოფილ პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე პოპულარულია. თუმცა ისინი უმეტესად საახალწლო პერიოდში და თებერვალში აქტიურობენ. ჩვენ გვჭირდება იანვრის გააქტიურება. რუსული ბაზარი ორ ნაწილად არის გაყოფილი, ისინი ბინას ქირაობს და მაღაზიიდან ნაყიდი საჭმლით იკვებებიან და მეორე ისინი, რომლებიც მიდიან სასტუმროში მაქსიმალური ფუფუნების მიღების მიზნით.
საქართველოს ეს კატეგორია უფრო ნაკლებად ირჩევს, ისინი უმეტესად ევროპაში ისვენებენ, მაგრამ პირდაპირი რეისების დანიშვნის გამო მოსალოდნელია რომ წელს უფრო მეტი ასეთი სტუმარი ვიხილოთ. აქამდე ან მანქანით ან გადაჯდომით ჩამოდიოდნენ, ვინც პირდაპირი რესით ჩამოვა, უკვე გავიგებთ რა მიმართულების იქნებიან,“ - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში სტუმრობისას გიორგი კვიწინაშვილმა.