მიმდინარე წლის 3 აპრილიდან საქართველოს დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის შვეიცარიაში შესასვლელად ვიზის ქონა სავალდებულო ხდება. აღნიშნული გადაწყვეტილება შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ 1 აპრილის სხდომაზე მიიღო.
როგორც ოფიციალური განმარტებიდან ირკვევა, ეს ზომა შენგენის კანონმდებლობის განვითარების ნაწილია და ძალაში 12 თვის განმავლობაში დარჩება. აღსანიშნავია, რომ შეზღუდვა არ ეხება საქართველოს სხვა მოქალაქეებს.
დოკუმენტში წერია, რომ ევროკავშირმა ცოტა ხნის წინ გააძლიერა მესამე ქვეყნებისთვის ვიზის შეჩერების მექანიზმი. განახლებული წესები იძლევა შესაძლებლობას, სავიზო რეჟიმი დროებით დაწესდეს ახალი საფუძვლებით, მათ შორის:
- მესამე ქვეყანასთან საგარეო ურთიერთობების გაუარესების გამო;
- ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დარღვევის შემთხვევებში.
ევროკავშირმა გადაწყვიტა, ეს ახალი დებულებები სწორედ საქართველოსთან მიმართებით აამოქმედოს. ამის მიზეზად გასულ წელს საქართველოში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები სახელდება. შედეგად, ქართველი დიპლომატებისა და საჯარო მოხელეებისთვის უვიზო მიმოსვლა ერთი წლის ვადით შეჩერდა.
გარდა ამისა, დროებით ჩერდება შვეიცარიასა და საქართველოს შორის არსებული შეთანხმების რამდენიმე მუხლი, რომელიც მიზნად ისახავდა ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივებას.




























