მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შვეიცარიიდან მაღალმსყიდველუნარიანი ტურისტების სეგმენტი დაგვემატება - მარიამ ქვრივიშვილი

ქვრივიშვილი

"ქართული ოცნების" მთავრობის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss-ის მიერ საქართველოში ოპერირების დაწყებას ქვეყნის ავიაციისა და ტურიზმის ინდუსტრიისთვის უდიდეს მიღწევად აფასებს.

მისი თქმით, საქართველოს შვეიცარიიდან მაღალმსყიდველუნარიანი ტურისტების სეგმენტი დაემატება.

„მორიგი წარმატება აქვს ჩვენს ქვეყანას - საქართველოს ავიაბაზარს კიდევ ერთი, ევროპული ავიაკომპანია შემოემატა. დღეს ციურიხიდან თბილისის მიმართულებით პირველად მივიღეთ შვეიცარული, დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია „ედელვაისის“ პირდაპირი რეისი, რაც, რა თქმა უნდა, არის უდიდესი მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ავიაციისა და ტურიზმის ინდუსტრიისთვის.

„ედელვაისის“ შემოსვლა არის უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებისთვის და დივერსიფიკაციის პოლიტიკის ხელშეწყობისთვის - საქართველოში შემოვა კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო მოგზაური, ამ შემთხვევაში შვეიცარიიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ მაღალმსყიდველუნარიანი ტურისტების სეგმენტი დაგვემატება. ხაზგასასმელი და სასიხარულოა, რომ პირველივე რეისი, რომელიც დღეს თბილისის აეროპორტმა მიიღო, სრული დატვირთვით შესრულდა, რაც უკვე მეტყველებს იმაზე, რომ შვეიცარიიდან საქართველოსთან მიმართებაში მოთხოვნა არის, იზრდება და თავად ავიაკომპანიაც აღნიშნავს, რომ შემდეგ რეისებზეც მოთხოვნა და დატვირთულობა ასევე მაღალი იქნება“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა აპირებს განახორციელოს საკმაოდ მასშტაბური მარკეტინგული კამპანიები შვეიცარიასთან, მათ შორის, ავიაკომპანია „ედელვაისთან“, ისევე, როგორც ავიაკომპანია „იზიჯეტთანაც“, რომელმაც უკვე დაიწყო ფრენა ჟენევა-თბილისის მიმართულებით.

„შეიძლება ჩაითვალოს, რომ წლევანდელი წელი ნამდვილად ისტორიული და რეკორდული წელია, რადგან, მათ შორის, შვეიცარიასთან, ჩვენ უკვე გვაქვს ჟენევიდან კვირაში ორი სიხშირით პირდაპირი ფრენები, ისევე, როგორც ციურიხიდან და ეს, რა თქმა უნდა, როგორც აღვნიშნე, უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებას, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის მცირე და საშუალო მეწარმეებს, კიდევ უფრო მეტად განავითარონ საქმიანობა ტურიზმის სექტორში“,- განაცხადა ქვრივიშვილმა.

13 აპრილს Lufthansa-ს ჯგუფში შემავალმა Edelweiss-მა ციურიხიდან თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირ ფრენა შეასრულა და 151 მგზავრი ჩამოიყვანა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები