„ჩვენი სტუდენტები უნდა იყვნენ იმ ახალი საქართველოს ნერგები, რომლებიც მოიტანენ ქვეყნის კეთილდღეობას და წინსვლას“ - ეს განცხადება 2 წლის წინ ბიზნესმენმა მიხო სვიმონიშვილმა დმანისის რაიონის სოფელ სარკინეთში ქართულ-შვეიცარიული სკოლა „კავკასიის“ ოფიციალურად გახსნისას BMG-თან საუბრისას გააკეთა. 2 წლის თავზე კი უმაღლესის სტანდარტების მქონე კოლეჯმა ამ სტუდენტების პირველი ნაკადი გამოუშვა. თეორიული და პრაქტიკული სწავლების კურსი რძის პროდუქტების წარმოებისა და ფერმერული მიმართულებით შვიდმა სტუდენტმა გაიარა. სტუდენტების დაჯილდოება ქართულმა და შვეიცარიულმა მხარემ მიმდინარე კვირის ბოლოს გამართა, სადაც გაჟღერდა კიდევ ერთი ახალი, ე.წ. სტარტაპ ფონდის დაარსების იდეაც, რომლის მიზანიც სასწავლებლის კურსდამთავრებულებისთვის საკუთარი ბიზნესების აწყობაში დახმარება იქნება."